გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ხალხი მთაში არა მხოლოდ უნდა დავამაგროთ, არამედ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბარიდან მთაში მოსახლეობის მიგრაციას
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ხალხი მთაში არა მხოლოდ უნდა დავამაგროთ, არამედ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბარიდან მთაში მოსახლეობის მიგრაციას

ჩვენი ხალხი მთაში არა მხოლოდ უნდა დავამაგროთ, არამედ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბარიდან მთაში მოსახლეობის მიგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რაც შეეხება მთას, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეა და მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 70%-ს მთიანი რეგიონები შეადგენს. იცით, რომ ჩვენ შევიმუშავეთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც პარლამენტში წარმატებით გავიდა და რომლის თანახმად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები. ჩვენ ჩვენი ხალხი მთაში არა მხოლოდ უნდა დავამაგროთ, არამედ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბარიდან მთაში მოსახლეობის მიგრაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ისაუბრა იმ მსხვილი პროექტების შესახებ, რომელიც მთაში ხორციელდება:

„ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა – ეს გახლავთ პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა – როშკა-არხოტის 28 კმ-იანი გზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა და იქ გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ცხენითა თუ ვერტმფრენით იყო შესაძლებელი. ასე რომ, მალე პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს, სრულიად ახალი გზა დააკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს მცხეთიდან ლარსისკენ მიმავალი თანამედროვე ავტობანის მშენებლობა. დაწყებულია გვირაბის მშენებლობა დარიალის ხეობაში.

სატრანზიტო ფუნქცია ამ რეგიონმა სრულფასოვნად უნდა განახორციელოს. ამისთვის, ეს ინფრასტრუქტურა უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ დავიწყეთ გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა, ეს პროექტი 7 მილიონ 800 ათასი ლარი ჯდება. აშენდება სნო – ჯუთა-როშკა- შატილი-ომალო- ხადორის ხეობა- ბაწარა -ახმეტის გზა. მისი სავარაუდო ღირებულება 200 მილიონ ლარამდეა. ეს იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის გზა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გზას მრავალფუნქციური დანიშნულება აქვს, დასრულდა თიანეთისა და ჟინვალის შემაერთებელი გზის მშენებლობა.

მიმდინარეობს კობისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა, რომელიც ყაზბეგს და სტეფანწმინდას გუდაურთან დააკავშირებს და ამ მიმართულებას ერთიან, დიდ ტურისტულ კომპლექსად გადააქცევს. ყაზბეგი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის კურორტი, ეს იქნება ერთიანი დიდი ტურისტული ზონა, რომელიც გააერთიანებს სტეფანწმინდასა და გუდაურს. დაბა გუდაურში დაფუძნდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“, – განაცხადა პრემიერმა.