გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ხშირ შემთხვევაში, დაპირებებზე მეტიც გაკეთდა
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ხშირ შემთხვევაში, დაპირებებზე მეტიც გაკეთდა

ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ხშირ შემთხვევაში, დაპირებებზე მეტიც გაკეთდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ მცხეთის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, მცხეთის რაიონში „ქართული ოცნების“ დელეგატების არჩევა, რომლებიც პარტიის ყრილობაზე აირჩევენ მმართველობით ორგანოებს, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერება და პარტიული ცხოვრების გააქტიურება რეგიონებში არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ვფიქრობ, პარტია განსაკუთრებით გასააქტიურებელია ახალგაზრდობის ფლანგზე და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ჩვენ დავაანონსეთ თვითმმართველობის გაძლიერების სრულიად ახალი მიმართულება, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული პოლიტიკური ხაზი ჩვენი პარტიისა და ხელისუფლებისთვის. ეს ითვალისწინებს თვითმმართველობების როლის გაძლიერებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რეგიონული გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების გაძლიერებას მმართველობითი ფუნქციის ვერტიკალში და ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება და განსაკუთრებით ახალგაზრდულ ფლანგზე, ვინაიდან ვფიქრობთ, აქ ჩვენი პოტენციალი გაცილებით უფრო მეტია“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მცხეთის რაიონში მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა.

„ვფიქრობ, პარტიის წევრებმა ეს უნდა იცოდნენ, ვინაიდან ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო. მინდა, დეტალურად ჩამოვთვალო ის პროექტები, რომლებიც – კონკრეტულად ამ რაიონში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა მცხეთის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე.

მისივე განცხადებით, დაპირებებზე მეტიც გაკეთდა, მაგრამ ამავე დროს, ეს არ არის საკმარისი და მიდის მუშაობა, რათა ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა და განხორციელებული რეფორმები თითოეული ოჯახის მდგომარეობაზე აისახოს.

„როგორც ხედავთ, ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ხშირ შემთხვევაში, დაპირებებზე მეტიც გაკეთდა, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა და განხორციელებული რეფორმები თითოეული ოჯახის მდგომარეობაზე აისახოს. ამისთვის აუცილებელია, ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი პარტიული ორგანიზაციის მაქსიმალური კონსოლიდაცია. სწორედ ამისთვის ტარდება ეს კონფერენცია.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში გამოწვევა ბევრია, როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ აირჩია და რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს იმ სანუკვარ მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის შექმნა, რათა თითოეულმა ოჯახმა შეძლოს ღირსეული პირობების უზრუნველყოფა. ეს არის პირველი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის. აქ თითოეული ადამიანის, თითოეული აქტივისტის როლი ნამდვილად შეუფასებელია.  მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ერთი აგური დადო იმ წარმატების მშენებლობაში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციით, კიდევ უფრო გააქტიურებით, პარტიული ორგანიზაციების მშენებლობით, თვითმმართველობების როლის გაძლიერებით.

მომავალი ათი წლის განმავლობაში თვითმმართველობების დაფინანსება თითქმის ორჯერ უნდა გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები ცენტრიდან რეგიონებში, რაიონებში გადაინაცვლებს. ადამიანები რეგიონებში, ადგილზე გადაწყვეტენ, რა პროექტები დააფინანსონ და მათ ექნებათ საამისო ფინანსური რესურსი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმაც წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა პრემიერმა.