ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გერმანიის პრეზიდენტისა და საკუთარი სახელით მისალოცი წერილი გაუგზავნა.

„დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას.

გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით.

ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდო და კარგი პარტნიორი იქნება. გისურვებთ წარმატებებს თქვენ წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაში და მოხარული ვიქნები ახლო მომავალში ჩვენი შეხვედრით“, – ნათქვამია წერილში.

დატოვე კომენტარი