გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის არმიის შექმნას ითხოვს
გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის არმიის შექმნას ითხოვს

გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ შოიბლე ევროკავშირის არმიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შოიბლე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში არსებული საფრთხეების მიუხედავად, ევროკავშირმა სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს.

„ჩემი პირადი მოსაზრებით, ჩვენ ევროპული არმია გვჭირდება“, – აღნიშნა შოიბლემ.

როგორც ბუნდესტაგის თავმჯდომარე აცხადებს, ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში „აუცილებელი“ და „რეალისტურად შესაძლებელი“ ერთმანეთს არ ემთხვევა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლა გადაწყვიტა, უსაფრთხოების სფეროში გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, შოიბლემ პროგრესი უწოდა ახალ ევროპულ თავდაცვით კავშირს – PESCO-ს.

PESCO (Permanent Structured Cooperation) – ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმებაა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. PESCO 2017 წელს ევროკავშირის 23 ქვეყნის გადაწყვეტილებით შეიქმნა.