გაყინულ ნიადაგში აღმოჩენილი 57 000 წლის წინანდელი მგლის ლეკვის სხეული იდეალურად არის შემონახული — #1tvმეცნიერება
გაყინულ ნიადაგში აღმოჩენილი 57 000 წლის წინანდელი მგლის ლეკვის სხეული იდეალურად არის შემონახული — #1tvმეცნიერება

მგლის ძუ ლეკვის მუმიამ, რომელიც 57 000 წლის განმავლობაში იყო შენახული გაყინულ ნიადაგში, როგორც იქნა, მეცნიერებს გარკვეული საიდუმლოები „გაუმხილა“; მათ შორის, როგორ მოკვდა ეს რუხი მგელი და როგორ აღმოჩნდა ყინულში მარტოდმარტო ამდენი ხნის წინ.

მუმიად ქცეული რუხი მგელი (Canis lupus) 2016 წელს კანადაში, იუკონში, ოქროს მომპოვებელმა აღმოაჩინა გაყინული ნიადაგის გათხრისას.

„ის გამყინვარების ხანის მგლის ყველაზე სრულყოფილი ეგზემპლარია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის. დღემდე შენარჩუნებულია მთელი მისი რბილი ქსოვილები, ბეწვი, კანი, ციცქნა დინგიც კი, უბრალოდ სრულყოფილი და უიშვიათესია“, — ამბობს კვლევის ავტორი, აიოვის დე-მუანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯული მიჩენი.

რამდენიმე ტიპის ანალიზის შედეგად, მათ შორის რადიონახშირბადული დათარიღებით, დნმ-ის შესწავლითა და ჟანგბადის იზოტოპთა დონის გაზომვით დადგინდა, როდის მოკვდა ლეკვი.

ჩონჩხისა და კბილების რენტგენულმა კვლევამ დაადგინა, რომ ლეკვი, რომელსაც ჟური უწოდეს (ადგილობრივი ტშონდეკ-ჰვეჩინის ხალხის ენაზე ნიშნავს მგელს), 7 კვირის იყო, როდესაც მოკვდა.

გარდა იმისა, რომ ჟური გამყინვარების ხანის ყველაზე სრულყოფილი მგელია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, მისი მუმია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის ჩრდილოეთ ამერიკაში აღმოაჩინეს.

„ამ ტიპის ეგზემპლარები შეიძლება საკმაოდ ხშირი იყოს ციმბირში, მაგრამ კვლევებისთვის მათი ხელში ჩაგდება საკმაოდ რთულია“, — ამბობს მიჩენი.

შესაბამისად, იუკონში აღმოჩენილი მუმია მკვლევრებამდე ადვილად მივიდა და შესაძლებლობა მიეცათ, შეესწავლთ ჩრდილოამერიკული მგლების წარმომავლობა.

მიჩენმა და მისმა კოლეგებმა ჟურის მიტოქონდრიული გენომი აღადგინეს, ანუ გენომი, რომელიც უჯრედის ენერგიის მწარმოებელ სტრუქტურებში — მიტოქონდრიებში გვხვდება და ის დედის ხაზით გადაეცემა. დადგინდა მსგავსება როგორც უძველეს ალასკასა და იუკონში გავრცელებულ, ამჟამად გადაშენებულ ბერინგის მგლებთან, ისე რუსულ რუხ მგლებთან. ლეკვის კავშირი ჩრდილოამერიკულ და ევრაზიულ სახეობებთან დასტურია უძველესი კონტინენტური შერევისა ბერინგის სახმელეთო ხიდის გასწვრივ, რომელიც ერთ დროს ალასკასა და რუსეთს აკავშირებდა ერთმანეთთან.

ასეთი ხელუხლებელი ეგზემპლარის შესწავლა მკვლევრებს იმის გარკვევის საშუალებასაც აძლევს, რას ჭამდნენ გამყინვარების ხანის მგლები.

„როდესაც რენტგენში დავხედე და დავინახე მისი ნაწლავები, ცოტა ავღელდი. 57 000 წლის წინანდელი ნაწლავები აქამდე არასოდეს მქონდა ნანახი“, — ამბობს მიჩენი.

თუმცა, ლეკვის რაციონის აღდგენა მკვლევრებმა არა მუცლის, არამედ ძვლების ანალიზით შეძლეს.

ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, ჟური ძირითადად წყლის ბინადრებით იკვებებოდა, მაგალითად, ჩინუკის ორაგულით, რომელიც ამჟამად მდინარე კლონდაიკში ქვირითობს. ასეთი რამ თანამედროვე მგლებსაც ახასიათებთ, რომლებიც ალასკაში სეზონურად გადადიან წყლის ბინადრებით კვებაზე.

თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გამყინვარების ხანაში იუკონის მგლები ძირითადად ბიზონებსა და ხარვერძებს ჭამდნენ.

ერთ-ერთი უდიდესი გაურკვევლობა, რაც ჟურის ირგვლივ რჩება, არის ის, როგორ მოხდა მისი მუმიად ქცევა და როგორ აღმოჩნდა ის მარტო. მკვლევართა აზრით, მისი სიკვდილის მიზეზი ბუნაგის ჩამონგრევა გახდა.

ეს კი კარგად ხსნის იმას, რატომ არის მისი ნეშტი ასე კარგად შემონახული — სხეული წამიერად ჩაიმარხა ცივ, მშრალ, ჰაერგაუმტარ გარემოში.

თუმცა, თუ ის მართლაც ასე მოკვდა, ჩნდება კითხვა — სად იყო ამ დროს მისი ოჯახი? მისი ასაკიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბუნაგში ის დედის ან და-ძმების გარეშე ყოფილიყო.

„შეიძლება, დედა მგელი და სხვა ლეკვები ბუნაგის ჩამონგრევის დროს გარეთ იყვნენ. არ არის გამორიცხული ისიც, რომ მგელს მხოლოდ ეს ერთი ლეკვი ჰყავდა, მაგრამ ასეთი შემთხვევა იშვიათია და ძირითადად, მგლები რამდენიმე ნაშიერს აჩენენ. გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია“, — ამბობს მიჩენი.

გლობალური დათბობასთან ერთად, დნება ათასობით წლის განმავლობაში გაყინული არქტიკული ნიადაგები და ასეთი აღმოჩენები ალბათ უფრო გახშირდება.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.