გაძევება, გამოუყენებელი პენალტი და დაკარგული შანსები - საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ისრაელთან დამარცხდა #1TVSPORT
გაძევება, გამოუყენებელი პენალტი და დაკარგული შანსები - საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ისრაელთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ევრო 2023-ისთვის ემზადება, ამხანაგურ მატჩი ისრაელის ახალგაზრდულ გუნდთან გამართა და 1:2 დამარცხდა.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში რამაზ სვანაძის გუნდს პირველ ტაიმში დაწინაურების რეალური შანსი ჰქონდა. 28-ე წუთზე გიორგი გაგუას წაქცევისთვის სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გიორგი გულიაშვილმა შეასრულა და ბურთი ძელს მოარტყა, დამატებაზე კი გიორგი გაგუას გასროლას მეკარე ომერ ნირონი გადაეღობა.

ისრაელმა მეორე ტაიმის დასაწყისი კარგად ჩაატარა და ორი შედეგიანი შეტევა განახორციელა. ანგარიში სტავ ლემკინმა გახსნა, ხოლო მეორედ ჩვენი გუნდის კარი არად ბარიმ აიღო.

82-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა სხვაობა შეამცირა – ისრაელის მეკარის შეცდომით ნიკა ხორხელმა ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2 ისრაელის სასარგებლოდ.

რამაზ სვანაძის გუნდი წლის ბოლო ამხანაგურ მატჩსაც „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართავს – საქართელოს 21-წლამდელთა ნაკრები გორის სტადიონზე 21 ნოემბერს უკრაინას შეხვდება.

საქართველო U21- ისრაელი U21 1:2

გოლები: 0:1 ლემკინი (49. ნოეს პასით), 0:2 ბარი (56. ნოეს პასით), 1:2 ნ. ხორხელი (84. გელაშვილის პასით)

გაფუჭებული პენალტი: გულიაშვილი (28. ძელი)

16 ნოემბერი, 2022. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე არენა“

საქართველო U21: კუტალაძე, აზაროვი, ხვადაგიანი, კალანდაძე, კაპანაძე (74. მაისურაძე), გელაშვილი, ნ. გაგნიძე (87. ჯინჯოლავა), ოსიყმაშვილი (60. სიგუა), ო. მამაგეიშვილი (60. ნ. ხორხელი), გაგუა (87. ლ. ხორხელი), გულიაშვილი (74. ლომთაძე)

მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

გაძევება: სიგუა (82)