ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აღდგა
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აღდგა

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-40-ე კილომეტრის მონაკვეთზე უამინდობის შედეგად ჩამოშლილი მიწის ნაშალი უკვე გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კახეთის გუბერნატორმა განუცხადა.

„იქ იმუშავა შესაბამისმა ტექნიკამ და გზის გაწმენდა დღის ბოლოს მოხერხდა. როგორც ბარიდან მთაში, ასევე მთიდან ბარში მომდინარე ტრანსპორტმა, რომელიც ორივე მხარეს იყო თავმოყრილი, გზის გაგრძელება უკვე შეძლო. არ გამოვრიცხავ, პოლიციამ ღამით დროებით ისევ დაკეტოს თუშეთის მიმართულებით გზა, რადგან მთაში უამინდობაა მოსალოდნელი და პრევენციის მიზნით სიფრთხილე გვმართებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთი წვიმების შედეგად, მიწის მასის ჩამოწოლის გამო, 22 ივლისს, დილით ჩაიკეტა. გზას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.