ფრიდონ ინჯია კატეგორიულად არ ეთანხმება ირმა ინაშვილის განცხადებას, რომ „ევროპელი სოციალისტები“ საარჩევნო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის მისაკუთრებას ცდილობენ
ფრიდონ ინჯია კატეგორიულად არ ეთანხმება ირმა ინაშვილის განცხადებას, რომ „ევროპელი სოციალისტები“ საარჩევნო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის მისაკუთრებას ცდილობენ

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია კატეგორიულად არ ეთანხმება ირმა ინაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, თითქოს „ევროპელი სოციალისტები“ ცდილობენ, მიისაკუთრონ „პატრიოტთა ალიანსის“ კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში, – ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროპელი სოციალისტების“ პარტიის ცნობით, პარტიის თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, წინა, მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის წესს, „ევროპელი სოციალისტები“ ვერც ვერავის წაართმევს და ვერც ვერავის დაუნიშნავს წევრს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ამავე კანონიდან გამომდინარე.

„პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავდა წარმომადგენელი ცესკო-ში, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე მიღებული შედეგებიდან და მოქმედი კანონიდან გამომდინარე, ცესკო-ს წევრობის უფლებამოსილება გასული წლის დეკემბრის თვეში შეუწყდა, რა გადაწყვეტილებაც არანაირად არ იყო და ვერ იქნებოდა დაკავშირებული „ევროპელ სოციალისტებთან“, – აცხადებენ პარტიაში.

მათივე თქმით, აქედან გამომდინარე, ყველა ის ბრალდება, რომელიც ისმის „ევროპელი სოციალისტების“ მიმართ, უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მიაჩნიათ.

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ყალიბდება სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა, რაც განსაზღვრავს საპარლამენტო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის სრულად ახალ კონფიგურაციას. შესაბამისად, ამ პრინციპიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, „ევროპელი სოციალისტები“ საკუთარი პოლიტიკური და საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორცილებისთვის მხარს უჭერენ მიმდინარე საპარლამენტო და საარჩევნო ცვლილებებს, რომელიც ეფუძნება ჩვენი ევროპელი მეგობრების, კერძოდ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს, რომელსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.