ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისში ახალგაზრდა ქალი გადაჰყავთ, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და გრიპის სიმპტომები აქვს
ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისში ახალგაზრდა ქალი გადაჰყავთ, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და გრიპის სიმპტომები აქვს

ფოთის ჰოსპიტალში მაღალი ტემპერატურითა და გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებით მოთავსებულია 18 წლის გოგონა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

„შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფია იტალიაში. მაღალი ტემპერატურა რომ მისცა, მომართა კლინიკას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით, გადაგვყავს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის. პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური“,- განუცხადა ჟურნალისტებს ჰოსპიტალის მენეჯერმა, თეა მიგინეიშვილმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.