ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ კანონს აკრიტიკებს
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ კანონს აკრიტიკებს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს ბრიტანელ დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი თავშესაფრის მაძიებლების შესახებ კანონში ცვლილებებს, რადგანაც ამან შეიძლება, წაახალისოს სხვა ქვეყნები, რომ მათაც აარიდონ თავი ან უარი თქვან ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების შესრულებაზე.

საქმე ეხება ბრიტანეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი ღია წერილით მიმართავს გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას და აცხადებს, რომ თავშესაფრის მიღების შესაძლებლობა ევროპაში ადმიანის უფლებათა დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია. მისივე თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვა აუცილებელია, მიუხედავდ იმისა, თუ როგორი გზით მოხვდნენ ისინი ქვეყნაში.

მისივე თქმით, თუ ახალი კანონით ბრიტანეთში არალეგალურად ჩასული ადამიანების მიერ თავშესაფრის მიღების შესახებ შევსებული განაცხადების განხილვა აღარ მოხდება, ეს წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა დაცვის დამკვიდრებულ სტანდარტებთან.

დუნია მიატოვიჩის თქმით, ამ კანონის მიღება წაახალისებს სხვა ევროპულ და ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე სახელმწიფოებს, მიბაძონ დიდი ბრიტანეთის მაგალითს და უარი თქვან ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების შესრულებაზე.

ბრიტანეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად ახალი კანონის მიღება აუცილებელია, რათა საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში, ლა მანშის სრუტით მოხვედრის მსურველთა რიცხვი შემცირდეს.

აღნიშნული კანონი მანამდე გააკრიტიკა გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტომ და ევროკავშირმაც.

არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თავისი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.