ეროვნული ნაკრების პირველი, ისტორიული მატჩი - დამოუკიდებლობის გზაზე საქართველოს ლიეტუვა გამოეხმაურა [ვიდეო] #1TVSPORT

31 წლის წინ, 1990 წლის 27 მაისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი მატჩი გამართა.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, რომელზეც პირდაპირ იყო მიბმული სპორტული პროცესები. 1990 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელმა ყრილობამ საბჭოთა კავშირის ფედერაციიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლად არსებობის გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ამას შედეგად საქართველოს ნაკრების შექმნა მოჰყვა, რომელმაც პირველი ისტორიული მატჩისთვის დაკოპლექტება დაიწყო. ნაკრების პირველი მწვრთნელი კი გივი ნოდია იყო – ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც 1981 წელს თბილისის „დინამოში“ ნოდარ ახალკაცის სამწვრთნელი სტაფის წევრი გახლდათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას, ამხანაგური მატჩის გამართვაზე, ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაცია დათანხმდა – მაშინ ეს ბალტიისპირული ქვეყანა ჩვენსავით დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

31 წლის წინ, 1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენაზე“ ჩაატარა და ლიეტუვასთან შეხვედრა 2:2 დაასრულა.

27 მაისი, 1990. ამხანაგური. თბილისი, ეროვნული სტადიონი. 55000


საქართველო 2:2 ლიტვა


გოლები: 0:1 არმინას ნარბეკოვასი (12), 1:1 გია გურული (62, პენ), 1:2 ვირგინიუს ბალტუშნიკასი (66), 2:2 კახი კაჭარავა (81)

საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (71. კახი კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46. როსტომ თორღაშვილი), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46. გოჩა გოგრიჭიანი)

მწვრთნელი: გივი ნოდია

ლიეტუვა: ვალდემარას მარტინკენასი (86. არვიდას კონციავიჩუსი), ვლადიმირას ბუზმაკოვასი, რუტის ნარუშევიჩიუსი, რომას მაჟეიკისი, არვიდას იანონისი (კაპ) (17. ვირგინიუს ბალტუშნიკასი), რობერტას ტაუტკუსი, რომას ჩირბა, ვალდას ივანაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი, ვიაჩესლავ სუკრისტოვი, არმინას ნარბეკოვასი

მწვრთნელი: ბენიამინას ზელკიავიჩუსი

მსაჯები: მევლუდ მიმინოშვილი; ჯემალ წერეთელი, ავთანდილ კოკაია


საინტერესო ფაქტები:

საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე

ასლან ბალაძე, ბათუმის „დინამო“

საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი

გელა კეტაშვილი, თბილისის „დინამო“

საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი

გია გურული, თბილისის „დინამო“ (62, პენ)

საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი (თამაშიდან)

კახი კაჭარავა, თბილისის „დინამო“ (81)

 

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტოები