მთის ტრასების სააგენტო - ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ჩავარდა, მიზანმიმართულად ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას
მთის ტრასების სააგენტო - ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი ჩავარდა, მიზანმიმართულად ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას

მთის ტრასების სააგენტოში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზამთრის კურორტებზე – გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან შესაბამისმა უწყებებმა ვერ შეძლეს კურორტების სათანადოდ მომზადება, მიზანმიმართულად ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ მასალას, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ზამთრის კურორტებზე – გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან შესაბამისმა უწყებებმა ვერ შეძლეს კურორტების სათანადოდ მომზადება.“

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანიის განცხადება მიზანმიმართულად ემსახურება არა მხოლოდ საქართველოს კურორტების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას, მით უმეტეს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო ძალიან აქტიურად ემზადება ფრისტაილის 2023 წლის ჩემპიონატის ჩასატარებლად და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან გვაქვს დადებითი შეფასებები როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში. გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბუნებრივი თოვლის არმოსვლის გამო, გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების პროცესი დაიწყო მაშინვე, როგორც კი კლიმატურმა პირობებმა მოგვცა ამის შესაძლებლობა (ხელოვნური გათოვლიანებისთვის აუცილებელია დაბალი, მინუს ტემპერატურა) – 2022 წლის 21 დეკემბრიდან ჩვენი გუნდი 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ მოემზადებინა სასრიალო ტრასები.

შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ხელოვნური თოვლის დაგროვების შედეგად, მიმდინარე წლის 11 იანვარს გაიხსნა სნოუპარკის ტრასა, ხოლო 13 იანვარს – გუდაურას სასრიალო ტრასა. მიმდინარე პერიოდში ბუნებრივი კლიმატი გვაძლევს საშუალებას, რომ გუდაურისა და სნოუპარკის ტრასებმა სრულყოფილად იფუნქციონიროს – ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ჩართულია და სასრიალო ტრასები იდეალურად არის მომზადებული.

2023-2024 წლებში გუდაურში კიდევ 2 სათხილამურო ტრასაზე დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რაც, ჯამში, მოგვცემს საკმაოდ დიდ სასრიალო არეალს. გარდა ამისა, უკვე დამონტაჟებულია 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის არეალში), სადაც წელს ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პროექტი ერთიან კონტრაქტში მსოფლიოს მასშტაბით არ განხორციელებულა. ასევე აღსანიშნია, რომ ბაკურიანში აქტიურად მიმდინარეობს საშეჯიბრო ტრასების გათოვლიანება, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენებულია სამი ახალი საბაგირო, ასევე წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, რომლებიც აუცილებელია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. სულ გაკეთებულია 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილია სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

ინფორმაციისთვის აქვე განვმარტავთ, რომ ხელოვნური გათოვლიანებისთვის აუცილებელია შესაბამისი კლიმატი – იმისთვის, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემებით სასრიალო ტრასები კარგი თოვლით დაიფაროს, საჭიროა მაქსიმალურად დაბალი (მინუს) ტემპერატურა, ასევე უნდა იყოს ჰაერის დაბალი ტენიანობა და არ უნდა ქროდეს ძლიერი ქარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭიროა წყლის დიდი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, შესაბამის უწყებებთან გადაამოწმონ და ისე მიაწოდონ საზოგადოებას ზამთრის კურორტებთან დაკავშირებული ინფორმაცია“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.