ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან 
ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და დავით ჭიჭინაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც დეპუტატები აცხადებენ, კოალიცია „გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესები და კრიტერიუმები იქნება.

ეკა ბესელიას განცხადებით, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობს იმ საკითხებს, რაზეც „ქართულ ოცნებაში“ ორდღიანი კონსულტაციების შედეგად პოზიციების დაახლოება შეძლეს.

„პროცესი, რომელიც გულისხმობს სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს, პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს და ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უნდა დაიწეროს კანონში ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ ღიად დარჩა რამდენიმე საკითხი, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დარჩეს მხოლოდ მინიმალური პროცედურა, ეს არის სიის წარმოდგენა, მაგრამ არა იმ სახით, რომ თავად შეარჩიოს სასურველი კანდიდატები, არამედ წარუდგინოს პარლამენტს გაცილებით უფრო ფართო სია, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან მოსამართლეობის კანდიდატები. ეს კანდიდატები უნდა აკმაყოფილებენ კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს, თუმცა შინაარსობრივ განხილვაში უნდა შევიდეს პარლამენტი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.