ეგვიპტეში მასობრივი წარმოების უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს, სადაც სარიტუალო ლუდს ხარშავდნენ — #1tvმეცნიერება
ეგვიპტეში მასობრივი წარმოების უძველესი ლუდსახარში აღმოაჩინეს, სადაც სარიტუალო ლუდს ხარშავდნენ — #1tvმეცნიერება

ეგვიპტეში, უძველეს „საღვთო ქალაქ“ აბიდოსში არქეოლოგთა ჯგუფმა მაღალი წარმოების ლუდსახარში აღმოაჩინა, რომელიც მათი აზრით, მსოფლიოში უძველესია.

„ეგვიპტელ და ამერიკელ არქეოლოგთა ერთობლივმა მისიამ აბიდოსში აღმოაჩინა ნაშთები, რომელიც მსოფლიოში უძველეს მაღალი წარმოების ლუდსახარშს ეკუთვნის“, — წერს ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო განცხადებაში.

ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის განცხადებით, ეს ლუდსახარში სავარაუდოდ ფარაონ ნარმერის ეპოქას ეკუთვნის.

ნარმერი დაახლოებით 5000 წლის წინ მეფობდა, დააარსა პირველი დინასტია და გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე.

ბრიტანელმა არქეოლოგებმა ლუდსახარშის არსებობა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაადგინეს, მაგრამ ვერ ხერხდებოდა მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.

ეგვიპტურ-ამერიკულმა ჯგუფმა ადგილმდებარეობის განსაზღვრა და ნაშთების შემცველობის აღმოჩენა შეძლო.

მუსტაფა ვაზირის განცხადებით, ლუდსახარში შედგებოდა რვა დიდი ზონისგან, რომლებსაც ლუდის საწარმოებელ მოწყობილობებად იყენებდნენ.

თითოეული სექტორი შეიცავდა ორ რიგად ჩამწკრივებულ დაახლოებით 40 თიხის ქვაბს.

ლუდის წარმოებისთვის იყენებდნენ მარცვლეულისა და წყლის ნაზავს, რომელსაც ავზებში აცხელებდნენ; ეს ავზები თიხისგან დამზადებულ, ვერტიკალურად განთავსებულ, რგოლის ფორმის ბერკეტებს ეჭირა.

არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარი მეთიუ ადამსი ამბობს, რომ როგორც კვლევები აჩვენებს, ლუდი დიდი მასშტაბით იწარმოებოდა, ერთდროულად დაახლოებით 22 400 ლიტრი.

ტურიზმის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ლუდსახარში შეიძლება სპეციალურად ისეთ ადგილას იყო აშენებული, რათა მოემარაგებინა სამეფო რიტუალები, რომლებიც ეგვიპტის ფარაონთა სამგლოვიარო დაწესებულებებში მიმდინარეობდა.

„მსხვერპლშეწირვის რიტუალებში ლუდის გამოყენების მტკიცებულება ამ ობიექტთა გათხრების დროს იპოვეს“, — წერია განცხადებაში.

ძველ ეგვიპტეში ლუდის წარმოების მტკიცებულება ახალი არ არის და ამას ნათელი მოჰფინა წარსულში გაკეთებულმა აღმოჩენებმაც.

ეგვიპტელების მიერ ლუდის წარმოებაში გამოყენებული 5000 წლის წინანდელი კერამიკის ფრაგმენტები 2015 წელს ისრაელში, თელ-ავივში მიმდინარე მშენებლობის დროსაც აღმოაჩინეს.

აბიდოსში, სადაც ეს კონკრეტული ლუდსახარში აღმოაჩინეს, წლების განმავლობაში ნაპოვნია სხვა მრავალი განძი; ძეგლი ცნობილია საკუთარი ტაძრებით, მათ შორის სეთი I-ის ტაძრით.

2000 წელს, ამერიკელ არქეოლოგთა ჯგუფმა აბიდოსში აღმოაჩინეს ძველეგვიპტური მზის ღმერთის აფრებიანი ხომალდის უძველესი ნიმუში, რომელიც ფარაონთა პირველ დინასტიას ეკუთვნის და დაახლოებით 5000 წლის წინანდელია.

ბოლო პერიოდში ეგვიპტეში რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა, რომლებმაც ტურიზმი უნდა წაახალისოს, სექტორი, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ ძლიერ დააზარალა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.