ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ათ ქალ პრეზიდენტს შორის ყოფნა - სალომე ზურაბიშვილთან Euronews-მა ინტერვიუ ჩაწერა
ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ათ ქალ პრეზიდენტს შორის ყოფნა - სალომე ზურაბიშვილთან Euronews-მა ინტერვიუ ჩაწერა

ჩემი პრიორიტეტი საქართველოს ევროპაში წაყვანაა, ევროპიდან საქართველოში სწორედ ამისთვის ჩამოვედი, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია Euronews-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, იმ საზოგადოებამ აირჩია, რომელსაც საქართველში მეტი ევროპა, საქართველო კი ევროკავშირის წევრად სურს, ამისთვის ექვსი წელი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

„პრეზიდენტს პირდაპირი პოლიტიკური და აღმასრულებელი ძალაუფლება ნაკლებად ექნება, მაგრამ როგორც პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ექნება გავლენა, ასევე ექნება წარმომადგენლობითი ძალაუფლება ქვეყნის გარეთ, რაც ჩაწერილია კონსტიტუციაში. როგორც ყოფილ ევროპელ, ფრანგ დიპლომატს, ჩემი გამოცდილებით და კონტაქტებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან, ვფიქრობ შესაფერისი ვარ საქართველოს გარდამავალი პერიოდისთვის, ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე“, – აღნიშნა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა.

Euronews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, აწუხებს თუ არა ვლადიმერ პუტინის მხრიდან აგრესიის რისკი საზღვრებზე, ბოლო კვირის მოვლენებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს საზღვრებზე პუტინის აგრესია არასდროს შეჩერებულა და საქართველოს საოკუპაციო ხაზი ქვეყნის ტერიტორიაზე აქვს, რომელიც ყოველდღიურად მოძრაობს.

„ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მახლობლად ცხოვრობს და მათ მუდმივად იტაცებენ. ეს მუდმივი საფრთხეა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე გვაწუხებს შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი კიდევ ერთი საზღვარია. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს საქართველოსთვის შეშფოთების საგანია. ისე როგორც არასდროს, ჩვენ დამოკიდებული ვართ და ველოდებით ჩვენი ევროპელი, ამერიკელი და ნატო-ელი პარტნიორების რეაქციებს. ჩვენი უსაფრთხოება პირდაპირაა მათზე დამოკიდებული. ჩვენ საოკუპაციო ხაზზე, სადამკვირვებლო მისიას სწორედ ევროკავშირი ახორციელებს და ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის უფრო მეტი პირდაპირი ჩართულობა, საოკუპაციო ხაზის ირგვლივ უსაფრთხოების უკეთესად შენარჩუნებისთვის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

Euronews-ის ჟურნალისტმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, მოუტანს თუ არა ქვეყანას რაიმე განსხვავებულს პრეზიდენტად ქალის არჩევა, კონკურენტ მამაკაცებთან შედარებით, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ათ ქალ პრეზიდენტს შორის ყოფნა, რაც საქართველოს მსოფლიოში მნიშვნელობას შესძენს.

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტად ქალის არჩევა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით შერიგებისთვის. „არჩევნების კამპანია და წინა პერიოდი აღინიშნა ძალადობრივი პოლიტიკური დამოკიდებულებით და ჩვენ

გვჭირდება შერიგების პროცესში შესვლა. ამისთვის ქალი უფრო კარგადაა აღჭურვილი, ვიდრე მამაკაცი. ჩემი განზრახვაა სწორედ ასეთი პრეზიდენტი ვიყო, რომელიც ეცდება დადგეს პოლიტიკურ პარტიებზე მაღლა, რომელიც არ წარმოშობს პოლიტიკურ დაპირისპირებას. ვეცდები მივაწოდო საზოგადოებას ევროპული მიდგომები, რასაც ხალხის ელოდება. მათ მშვიდობა და მეტი პროგრესი სურთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.