დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის კრიზისსა და სავაჭრო ურთიერთობებზე ტელეფონით ისაუბრეს
დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის კრიზისსა და სავაჭრო ურთიერთობებზე ტელეფონით ისაუბრეს

სირიის ჩრდილოეთში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტებმა. დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ერდოღანმა ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ თურქეთი მზად არის, ქალაქ მანბიჯის უსაფრთხოებაზე კონტროლი აიღოს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მანბიჯში მომხდარი აფეთქება იყო პროვოკაცია და მიზნად ისახავდა, გავლენა მოეხდინა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც სირიიდან ჯარების გაყვანა სურს. მანბიჯის ტერაქტის შედეგად, აშშ-ის სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა სირიაში ტერორისტული ელემენტების ნარჩენების დამარცხების აუცილებლობას. ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსები სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნის საკითხს განიხილავენ.