ლეგენდარული მატჩი | 41 წლის წინ - „დინამომ“ „ლივერპული“ ჩემპიონთა თასიდან გამოაგდო (ვიდეო)
ლეგენდარული მატჩი | 41 წლის წინ - „დინამომ“ „ლივერპული“ ჩემპიონთა თასიდან გამოაგდო (ვიდეო)

თბილისის „დინამო“ ფარერის კუნძულების გუნდთან 1:6 დამარცხდა და გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. არადა, „დინამო“ მართლაც საამაყო გუნდი იყო – ზუსტად 41 წლის წინ ქართველი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა, ევროპა კი გააოცა.

1979 წლის 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16-ფინალში „დინამო“ „ლივერპულს“ შეხვდა, რომელიც მაშინ ევროპის საუკეთესო კლუბი იყო და ზედიზედ ორჯერ, 1977 და 1978 წლებში ჩემპიონთა თასი მოიპოვა. პირველად ინგლისელებმა ფინალში გერმანული მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 3:1 დაამარცხეს, ხოლო მეორედ „ბრიუგე“ – 1:0.

ცხადია, „დინამო“-„ლივერპულის“ წყვილის ფავორიტად ინგლისური კლუბი ითვლებოდა. პირველი შეხვედრა „ენფილდ როუზე“ თბილისელებმა წააგეს – 1:2. გოლები ჯონსონმა, კეისმა და ჩივაძემ გაიტანეს.

ლეგენდარული „დინამოს“ მეკარე ოთარ გაბელია იხსენებს, რომ ბრიტანეთში გამგზავრებამდე მოსკოვში გუნდს სთხოვეს, რომ დიდი ანგარიშით არ წაეგო.

„ტრადიციულად, მოსკოვიდან გავფრინდით. მანამდე რუსები გვეუბნებოდნენ, თქვენი მთავარი ამოცანა ისაა, როგორმე დიდი ანგარიშით არ წააგოთო. „ლივერპული“ მაშინ დიდებული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მთელი ბრიტანეთის ნაკრები,“ – ამბობს ოთარ გაბელია.

განმეორებით შეხვედრაში თბილისის „დინამომ” იმ დროის ევროპის საუკეთესო გუნდი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 3:0 გაანადგურა, თანაც, ბრიტანულ ამინდში – მატჩის დროს კოკისპირულ წვიმა მოდიოდა. ამის მიუხედავად, სტადიონზე მოსულ 90 ათას მაყურებელს ფეხი არ მოუცვლია.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში დატრიალდა – ანგარიში დავით ყიფიანის გადაცემით ვლადიმირ გუცაევმა გახსნა, გიორგი ჭილაიას შესანიშნავი რეიდი რამაზ შენგელიამ მეორე გოლით დააგვირგვინა, ხოლო საფინალო სასტვენამდე 9 წუთით ადრე ჩვენი გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ მეტოქის კარი მესამედაც აიღო და „დინამომ“ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასახელო გამარჯვება მოიპოვა – 3:0.

ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპულ ტურნირებს პირველივე წრეში გამოეთიშა.

დატოვე კომენტარი