დიმიტრი პესკოვი ქერჩის სრუტეში მომხდარს „ძალიან საშიშ პროვოკაციას“ უწოდებს
დიმიტრი პესკოვი ქერჩის სრუტეში მომხდარს „ძალიან საშიშ პროვოკაციას“ უწოდებს

კრემლი ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს საშიშ პროვოკაციად აფასებს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საუბარია ძალიან საშიშ პროვოკაციაზე, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება და გარჩევა სჭირდება“, -აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გეგმის შესახებ გადაწყვეტილებას პესკოვმა საარჩევნო ინტრიგები უწოდა.

„ჩვენი თვალსაზრისით, საარჩევნო ამოცანების გადაწყვეტილება, საომარი დროშის ფრიალი არასწორი და საშიშია“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ამზადებს. პესკოვმა ასევე ანიშნა, რომ ამ საკითხს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც განიხილავენ.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.