დიმიტრი ცქიტიშვილი - მსოფლიომ აღიარა, რომ რვა საათიანი სამუშაო დრო ნორმალურია, ამაზე მეტი რისკებს შეიცავს
დიმიტრი ცქიტიშვილი - მსოფლიომ აღიარა, რომ რვა საათიანი სამუშაო დრო ნორმალურია, ამაზე მეტი რისკებს შეიცავს

შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური.

„მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვა საათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.

„ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე, როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დასაქმებულებს ნორმალური სამუშაო გარემო უნდა ჰქონდეთ, რაც დღეს მოქმედ კანონში უკვე გაწერილია.

„აქ კი საუბარია, რომ უფრო ეფექტიანი აღსრულების მექანიზმები იყოს, რათა არსებულ კანონში რამე ხარვეზები ვინმემ ისე არ გამოიგონოს, რომ ჩვენი მოქალაქეების შრომის ექსპლუატაცია მოახდინოს“, – განაცხადა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ცვლილებების ინიცირება სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მოხდება.

„ამ პროცესში ძალიან ინტენსიური განხილვები წარიმართება. პაკეტი საკმაოდ მოცულობითია. განხილვები გვექნება პარლამენტს გარეთაც. ოთხი-ხუთი მრგვალი მაგიდა იქნება სპეციფიკურ, ძალიან კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობისთვის. ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს შენიშვნების 50 გვერდიანი მასალა, როგორც პროფკავშირებიდან ასევე ბიზნესასოციაციებიდან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ამის გაანალიზება ხდება. ამის გათვალისწინებით მოხდება დაინიცირება. შემდეგ კი, საჯარო და საკომიტეტო განხილვები იქნება. ამიტომ ზოგიერთი ბიზნესასოციაცია დროზე ადრე ქმნის პანიკას“, – განაცხადა დეპუტატმა.