დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის მომავალი დიდწილად დასავლელი მოკავშირეების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის მომავალი დიდწილად დასავლელი მოკავშირეების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული

2024 წელი, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს იმ კუთხით, თუ როგორი იქნება უკრაინის ბედი მომავალში და ეს დიდწილად დასავლელი მოკავშირეების ქმედებებზე იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გრანტ შეპსის წერილში, რომელსაც გამოცემა „პოლიტიკო“ აქვეყნებს სახელწოდებით – „უკრაინის ბედი დასავლეთის ხელშია“.

შეპსი საუბრობს მხარდაჭერაზეც, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე გაუწია უკრაინას, და პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის დაპირებაზე, რომლის მიხედვით, ბრიტანეთის სამხედრო მხარდაჭერის სახით, უკრაინას დამატებით 2.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოეყო.

„ჩვენი გზავნილი ამაზე მკაფიო არ შეიძლება, იყოს: დიდი ბრიტანეთი ამ საქმეში ჩართულია გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში ჩემს კოლეგებს ვუგზავნი სიგნალს, რომ მათაც უნდა იმოქმედონ“, – აღნიშნავს შეპსი.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პუტინის გამარჯვება მას არა მხოლოდ თავდაჯერებულობას შემატებს და შეუქმნის პარტნიორებს საფრთხეს აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ ჩინეთსაც გაუგზავნის მესიჯს, ამიტომ საჭიროა მეტი დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა.

„პუტინს სჯერა, რომ დასავლეთი შეიძლება დაიღალოს. მას მიაჩნია, რომ ჩვენ გვაკლია სტრატეგიული მოთმინება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის არასწორია. დემოკრატიის ამ დიდებულ წელს უკრაინის მომავალი დასავლეთის ხელშია“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.