დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა
დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-მალაიზიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. მათ შორის, ხაზი გაესვა პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას, თუმცა, აღინიშნა, რომ უნდა გააქტიურდეს ძალისხმევა მათი კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მიღწეულ შედეგებზე, ასევე შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე ისაუბრა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხსაც.

მალაიზიურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და  საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე.

საერთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში, მალაიზიის პარლამენტის სპიკერი მიესალმა საქართველოს სურვილს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან  (The Association of Southeast Asian Nations – ASEAN) და ასოციაციის წევრი ქვეყნების პარლამენტთაშორის ასამბლეასთან (AIPA – ASEAN INTER-PARLIAMENTARY)ASSEMBLY) ურთიერთობის გააქტიურების შესახებ და აღნიშნა, რომ მალაიზია მხარს უჭერს საქართველოს აღნიშნული მიმართულებებით.

მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას შეხვდა.