დავით დონდუა - ჟენევის ფორმატს სჭირდება არა რეფორმა, არამედ პოლიტიკური ნება ყველა მონაწილის მხრიდან, რომ გარანტირებული იყოს უსაფრთხოება
დავით დონდუა - ჟენევის ფორმატს სჭირდება არა რეფორმა, არამედ პოლიტიკური ნება ყველა მონაწილის მხრიდან, რომ გარანტირებული იყოს უსაფრთხოება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ფორმატის რეფორმირებაზე არაფერი თქმულა.

როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს სარეფორმო არაფერი სჭირს, ის არის უნიკალური და კარგი ინსტრუმენტი, რათა უპასუხოს ამოცანებს, რომელიც მის წინაშე არის დასმული.

„ერთი სიტყვაც არ დაძრულა ჟენევის ფორმატის რეფორმირებაზე. ერთი სიტყვა არც პირველ და არც მეორე სამუშაო ჯგუფში ამაზე არ თქმულა. ჟენევის მოლაპარაკებებს სარეფორმო არაფერი სჭირს. ჟენევის ფორმატი, ერთი მხრივ, არის უნიკალური და ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რათა უპასუხოს იმ ამოცანებს, რომელიც არის დასმული მის წინაშე. ფორმატი ეფუძნება საერთაშორისო სამართლის, იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს და ეს არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება. ამოცანა არის, რომ ამ ფორმატმა უპასუხოს იმ გამოწვევებს, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2008 წლის შემდეგ წარმოიშვა”, – განაცხადა დავით დონდუამ.

მისივე თქმით, ჟენევის ფორმატს ჭირდება არა რეფორმა, არამედ პოლიტიკური ნება ყველა მონაწილის მხრიდან, რომ გარანტირებული იყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება.

„ჟენევის ფორმატი არის ძალიან კარგი და ამ ფორმატს თუ რამე სჭირდება, ეს არის არა რეფორმა, არამედ ყველა მონაწილის პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანაში დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობა, სტაბილურობა და გარანტირებული იყოს უსაფრთხოება”, – განაცხადა დონდუამ.

ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილება არ გამორიცხა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ აქ სავარაუდოდ, ივნისში შევხვდებით და შესაძლოა, ვიფიქროთ იმაზეც კი, როგორ განვახორციელოთ თავად ჟენევის დისკუსიების მუშაობის რეფორმირება, რათა შევწყვიტოთ რაღაც ტექსტების განხილვა. შესაძლოა, ვისაუბროთ რამე კონკრეტულ პროექტებზე, ურთიერთობების გეგმებზე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოსახლეობას შორის. ერთი სიტყვით, ამ ორი თვის განმავლობაში უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.