დავით ჭიჭინაძე - ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც აფიქსირებდა ფინანსთა მინისტრობის დროს
დავით ჭიჭინაძე - ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც აფიქსირებდა ფინანსთა მინისტრობის დროს

ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც აფიქსირებდა ფინანსთა მინისტრობის დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან განაცხადა.

როგორც დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, განცხადებები, რომელსაც მამუკა ბახტაძე ბანკებთან მიმართებაში აკეთებდა, აბსოლუტურად თანხვედრაშია მის პოზიციასთან.

„რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის იყო ეკონომიკის მინისტრი, მას არ დაუფიქსირებია ბანკებთან მიმართებაში ასეთი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა მამუკა ბახტაძემ. პირველი დღიდან, საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული ყოველთვის ვიძახდი და ვაფიქსირებდი, რომ ბანკები ხელს უშლიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, იგივე დააფიქსირა ბახტაძემ. ამიტომ მგონი აქ გაუგებარი არაფერია. მიმაჩნია, რომ თუ გვინდა, ამ ქვეყანაში დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, უნდა შევზღუდოთ ბანკები. არ შეიძლება ქვეყანაში ერთი სტრუქტურა მდიდრდებოდეს და დანარჩენი მოსახლეობა სამ-სამი და ოთხ-ოთხი მილიარდით ვალს იღებდეს”, – აღნიშნა ჭიჭნაძემ. ​

კითხვაზე, რა იყო გიორგი კვირიკაშვილის ხარვეზები ეკონომიკური მიმართულებით, დავით ჭიჭინაძე პასუხობს: „ჩემი შეუთავსებლობა მაგ გუნდთან ყოველთვის იყო ბანკებთან ლოიალური დამოკიდებულება“.

კითხვაზე, რამდენად მწვავე იყო დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის, დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა: „არ ვიცი, ზოგადად ვთვლი, რომ ორივე იცავდა თავის პოზიციას, შენიშვნებზე არ ყოფილა საუბარი, იქ პოზიციების თანხვედრა არ იყო. კვირიკაშვილს ესმოდა თავისებურად, ის ისე მართავდა, რაზეც მერე მივიღეთ კვლევა, რომ გაზრდილია ჭარბვალიანობა. ჩვენი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით გაუარესებულია და ეს იყო შეუთავსებლობის მიზეზი. იქ არ ყოფილა თავდასხმა, იქ იყო პრეზენტაცია, ვინ რა ნაწილში ეთანხმებოდა და ვინ არ ეთანხმებოდა. ვფიქრობ, რომ ის, რაც პრინციპში გარეთ ხდება, პროტესტია, ეს ყველაფერი თანხვედრაშია ერთმანეთთან. სამართლიანობა, ეკონომიკური მდგომარეობა, ხალხს ეს უგროვდება, შესაბამისად არის პროტესტი”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.