დავით ჭიჭინაძე - მივიღებთ რეალობას, როდესაც „ნაცების“ და „ოცნების“ გარდა სხვა არჩევანი გვექნება
დავით ჭიჭინაძე - მივიღებთ რეალობას, როდესაც „ნაცების“ და „ოცნების“ გარდა სხვა არჩევანი გვექნება

პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს ნამდვილად კარგია, ხალხს მეტ არჩევანს სთავაზობ, ანუ, მივიღებთ რეალობას, როდესაც „ნაცების“ და „ოცნების“ გარდა სხვა არჩევანი გვექნება, – ამის შესახებ დეპუტატმა, სახალხო მოძრაობის „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ მმართველი გუნდის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

დავით ჭიჭინაძის თქმით, არჩევანის მრავალფეროვნებით ქვეყანაში მეტი სამართლიანობა იქნება.

„რაც შეეხება უმრავლესობის განცხადებას, ნულოვანი ბარიერის შესახებ, ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიკედლებული იყვნენ სააკაშვილთან იმისათვის, რომ დეპუტატები გამხდარიყვნენ, ეს ადამიანები ვფიქრობ დატოვებენ ამ გაერთიანებას და დამოუკიდებლად შეეცდებიან პარლამენტში შესვლას. სწორედ ამას განიცდის დღეს სააკაშვილი. თორემ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს ნამდვილად კარგია – ხალხს მეტ არჩევანს სთავაზობ. ანუ, მივიღებთ რეალობას, როდესაც „ნაცების“ და „ოცნების“ გარდა სხვა არჩევანი გვექნება. მეტი არჩევანი კი, სხვა არაფერია, თუ არა მეტი სამართლიანობა ქვეყანაში“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობაც შეაფასა.

„21 ივნისის ღამეს ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და მე ვერ ვხედავ ვერავის დასჯილს. თუ ეს იყო ძალოვანი უწყებების ბრალი, პასუხი უნდა აგოს შს მინისტრმა. თუ, როგორც მთავრობა გვეუბნება, ეს იყო გარკვეული ექსტრემისტულ-პოლიტიკური ძალების ბრალი, მაშინ ისინი უნდა დაისაჯონ.

ისე, გახარია ვერც პოლიტიკოსად შედგა, იმიტომ რომ მან არც ადამიანებთან იცის საუბარი, არც ჟურნალისტებთან და მხოლოდ ბოდიშით იფარგლება და როგორც მინისტრიც უიღბლო აღმოჩნდა: 20 ივნისის ღამე, პანკისის მოვლენები, ლგბტ თემის გარშემო მიმდინარე მოვლენები, გაზრდილი კრიმინალი“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.