ბოტსვანაში ასობით სპილო დაიხოცა, მიზეზი გაურკვეველია — #1TVმეცნიერება
ბოტსვანაში ასობით სპილო დაიხოცა, მიზეზი გაურკვეველია — #1TVმეცნიერება

გასული ორი თვის განმავლობაში, ბოტსვანაში ასობით სპილო დაიხოცა; მაისიდან დღემდე, 350-ზე მეტი სპილოს ლეში იპოვეს.

ზოგიერთი სპილო მიწაზე პირქვეა გართხმული, რაც უეცარ დაცემაზე მიუთითებს. ლეშების უმეტესობა მდინარე ოკავანგოს დელტის ჩრდილოეთ ნაწილში, სპილოების დაცულ ტერიტორიაზე, წყლის ირგვლივ იპოვეს. ასეთი მასობრივი დახოცვის ფაქტი არ ფიქსირდება ახლომდებარე ნამიბიაში.

ბოტსვანაში აფრიკული სპილოების (Loxodonta africana) მსოფლიოში უდიდესი პოპულაცია ბინადრობს, სულ 135 000 ინდივიდზე მეტი. მსოფლიოს მასშტაბით ამ ცხოველების რაოდენობა იკლებს.

მართალია, მეზობელ ზიმბაბვეში ბრაკონიერები სპილოების დასახოცად ციანიდს იყენებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მკვდარი სპილოები მთლიანად ხელუხლებელია, ზოგიერთი ლეშის შეჭმის შემდეგ კი არ დახოცილან აფთრები, ლომები ან სხვა მტაცებლები.

შარშან, ასამდე სპილო მოკვდა სავარაუდოდ ციმბირის წყლულის გავრცელების შედეგად, ზოგიერთი მათგანი კი შეიძლება, გვალვამაც იმსხვერპლა. ბოტსვანის ხელისუფლების ცნობით, ამჯერად საქმე ციმბირის წყლულთან არ გვაქვს.

The Guardian-ის ცნობით, ადგილობრივებმა დაინახეს, რომ ზოგიერთი სპილო წრიულად მოძრაობდა. ასეთი ქცევა მიუთითებს, რომ რაც არ უნდა იყოს დახოცვის მიზეზი, მან ცხოველებზე ნევროლოგიური გავლენა მოახდინა.

ბოტსვანის ველური ბუნებისა და ეროვნული პარკების დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ნიმუშები ანალიზებისთვის არის გაგზავნილი და შედეგები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, პროცესი დროში კორონავირუსის გამო გაიწელა.

ეკოლოგი და ორგანიზაცია LionAid-ის დირექტორი პიტრ კატი და სხვა გარემოს დამცველები ანალიზების შედეგების ასე დაგვიანების გამო შეშფოთებული არიან.

„უკვე თვეები გავიდა, რაც პირველი ლეშები აღმოვაჩინეთ და ამდენი სპილოს დახოცვის მიზეზი ჰერ არ ვიცით“, — წერს კატი და ბოტსვანის ხელისუფლებას აკრიტიკებს, რომ სათანადოდ ვერ იცავს ცხოველებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ტურიზმში — მეორე უმსხვილეს ინდუსტრიაში.

უეცარი დახოცვა მას შხამის გამოყენებაზე აფიქრებინებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა სახეობები არ დახოცილან.

ბოლო წლებამდე, ბოტსვანა ამ მოწყვლადი ცხოველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლებოდა, მაგრამ 2019 წელს მეცნიერებმა განგაში ატეხეს სპილოებზე ბრაკონიერობის შემთხვევათა მატების გამო. შარშან ბოტსვანის ხელისუფლებამ მეკობრეობაზე შეზღუდვა მოხსნა და ამის მიზეზად ადამიანებსა და სპილოებს შორის კონფლიქტის გაზრდა დაასახელა.

„ეს გახლავთ სრულიად უპრეცედენტო რაოდენობის სპილოების დახოცვა, რაც გვალვასთან კავშირში არ არის. დიახ, ეს კონსერვაციის კატასტროფაა, რომელსაც ასევე აქვს პოტენციალი, რომ გამოიწვიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი“, — ამბობს კონსერვაციის ბიოლოგი ნიალ მაკკანი და იქვე დასძენს, რომ ჯერ არ არის გამორიცხული დაავადების შანსიც.

ზუსტი მიზეზის გარკვევა კი არა მხოლოდ სხვა სპილოებისთვის გვჭირდება, არამედ საკუთარი თავდაცვისთვისაც.

მომზადებულია BBC-ისა და The Guardian-ის მიხედვით.