ბოლნისის სასამართლო მარნეულის ინციდენტზე ბრალდებულის, ლაშა ქველაძის აღკვეთის შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
ბოლნისის სასამართლო მარნეულის ინციდენტზე ბრალდებულის, ლაშა ქველაძის აღკვეთის შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლაშა ქველაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბოლნისის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ლაშა ქველაძეს ბრალი ოფიციალურად ორი – 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 162-ე ( კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) პრიმა მუხლებით წაუყენეს.

ამასთან, გუშინ,  ბრალის წარდგენის შემდეგ, ლაშა ქველაძე მარნეულის პოლიციის შენობიდან კლინიკაში, მომატებული ტემპერატურის გამო გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა. ბრალდებულს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და კლინიკიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ბოლნისსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.