ბითაძის 4 ქულა და „ინდიანას“ მარცხი - გოგამ „მინესოტას“ სამჯერ დაუფარა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდა და ზედიზედ 5 მოგებული შეხვედრის შემდეგ დამარცხდა 101-115.

გოგა პარკეტზე პირველსავე მეოთხედში გამოჩნდა და 15:27 წუთში 4 ქულის, 3 მოხსნის, 1 პასის, 2 ჩაჭრისა და 3 დაფარების დაგროვება მოასწრო — ქართველი კალათბურთელი დაცვაში კარგად ირჯებოდა, რაზეც მისი სტატისტიკა მეტყველებს. მან 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ერთხელ ისროლა და ვერ ჩააგდო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძე დაცვაში სუფთად თამაშობდა, რადგან მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. მას ბურთი არ დაუკარგავს, +/- მაჩვენებელი კი +1 ჰქონდა.

მინესოტამ“ პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგო. „პეისერსმა“ დიდ შესვენებამდე სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება მაინც ვერ მოახერხა და 14 ქულით დამარცხდა.  ყველაზე შედეგიანი 31 ქულითა და 7 მოხსნით მაილს ტერნერი იყო, რიკ კარლაილის გუნდში 10 ქულითა და 14 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა ტაირის ჰალიბერტონმა, „ტიმბერვულვზის“ მხრიდან ორმაგი დუბლი სამ კალათბურთელს ჰქონდა — კარლ-ენტონი თაუნსს 2 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე (23 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი), რუდი გობერის ანგარიშზე 21 ქულა და 16 მოხსნაა, ხოლო დ’ანჯელო რასელმა 15 ქულა და 12 პასი დააგროვა.

„ინდიანა პეისერსი“ 10 მოგებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. გოგას გუნდი შემდეგ შეხვედრას 26 ნოემბერს „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.