„ბი-ბი-სი“ (BBC) - ზინედინ ზიდანი „რეალში“ ბრუნდება
„ბი-ბი-სი“ (BBC) - ზინედინ ზიდანი „რეალში“ ბრუნდება

ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალში“ ბრუნდება. მხოლოდ 10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მან ესპანური გრანდი დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ (BBC) ავრცელებს. ფრანგი სპეციალისტი სანტიაგო სოლარის შეცვლის, რომელიც „სამეფო კლუბს“ ხუთი თვეა წვრთნის. ესპანელმა მწვრთნელმა „რეალს“ 32 მატჩში უხელმძღვანელა – მოიგო 22, ფრედ დაასრულა ორი და წააგო რვა შეხვედრა.

ზიდანმა „რეალი“ 2018 წლის მაისში დატოვა, მას შემდეგ, რაც ზედიზედ მესამედ მოიგო „ჩემპიონთა ლიგა“. ამჟამად „სამეფო კლუბი“ „ლა ლიგაში“ მესამე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას 12 ქულით ჩამორჩება. სოლარის „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების (4-1) ათავისუფლებენ, რადგან მანამდე მისი გუნდი „ჩემპიონთა ლიგიდან“ „აიაქსმა“ გამოაგდო.

როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესისთვის „აიაქსთან“ მარცხი მიუღებელი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ „რეალმა“ „ბარსელონასთან“ ორი შეხვედრა დათმო.

ზიდანი თავდაპირველად ხულენ ლოპეტეგმა ჩაანაცვლა, თუმცა ის „სამეფო კლუბმა“ მალევე გაათავისუფლა.

ინფორმაცია ერთბაშად რამდენიმე ესპანურმა წყარომაც დაადასტურა. იტყობინებიან, უკვე ჩატარდა მადრიდული კლუბის დირექტორთა საბჭოს შეხვედრა, რომელზეც მიიღეს სოლარის გათავისუფლებისა და ზიდანის დაბრუნების გადაწყვეტილება.