ბათუმში რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს
ბათუმში რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს

ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაზე რუსული დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ამ დღისთვის, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლას დღეს ისევ ვაგრძელებთ. რაც შეეხება დღევანდელ მსვლელობას, პასუხისმგებლობის ნაწილი ეკისრება აჭარის განათლების სამინისტროს, ამიტომ მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადაყენებულია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტრადიციულად საზეიმო მსვლელობით იხსნება, რომელიც საერთაშორისო საბავშვო ფოლკლორული ფესტივალის „ოქროს დელფინი“ ფარგლებში იმართება.

ფესტივალში მონაწილეობდა ათი ქვეყანა, მათ შორის არის უკრაინა, ბელარუსი, ლატვია, ლიეტუვა, ინდოეთი, ისრაელი. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა საზეიმო მსვლელობა გამართეს, რომელშიც ეროვნული სამოსითა და საკუთარი ქვეყნის დროშებით მიიღეს მონაწილეობა.

წელს პირველად, ფესტივალში რუსული ფოლკლორული ანსამბლი ჩაერთო, რომელიც ბათუმში როსტოვიდან ჩავიდა. მათ მსვლელობაში მონაწილეობა რუსეთის დროშებით მიიღეს. ანსამბლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ანსამბლი ბათუმში მოწვევით ჩავიდა.

ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. მინისტრს განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. ინგა შამილიშვილმა, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობდა, ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ტერიტორია დატოვა. სამინისტროში ამბობენ, რომ განმარტებებს ბრიფინგზე გააკეთებენ.