ბათუ ქუთელია - მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში
ბათუ ქუთელია - მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში

მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

ქუთელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელმაც ჟურნალისტებს ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯისა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის 2019 წელს გაფორმებული კონტრაქტი წარუდგინა. მდინარაძის თქმით, კონტრაქტში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია.​

„საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც ვიმყოფები ვაშინგტონში და ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას ვერ ვპასუხობ, აქ გავაკეთებ მოკლე განცხადებას:

ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანალიტიკური პროდუქტების შექმნა და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა დაინტერესებული უცხოური კომპანიებისათვის. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე ამერიკულ კომპანიასთან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი ანალიტიკური პროდუქტები არის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ სხვა პროფილის. ერთ-ერთი ასეთი კომპანია „ორიონ სტრატეგი“. ყველა ეს საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე ამერიკული კანონმდებლობით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, „ორიონ სტრატეჯი“ გააკეთებს დამატებით განმარტებებს.

ჩემი ანალიტიკური მომსახურეობის სანდოობა და საიმედოობა დაკავშირებულია ჩემს განვლილ კარიერასთან, რეპუტაციასთან, შესრულებული საქმის ხარისხთან და მიუკერძოებლობასთან.

მე არ გახლავართ არც ერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში.

რაც შეეხება ჩემს შეხედულებებს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს, მიზეზებსა და გაწყვეტის გზებზე, შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ წაიკითხოთ The American Interest-ში 31 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში“,- წერს ქუთელია სოციალიურ ქსელში.

ბათუ ქუთელია ამ დროისთვის არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელი. 2011 წლიდან 2013 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2008-დან 2011 წლამდე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 2007-2008 წლებში – თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2006- 2007 წლებში იყო საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილე, 2004 წელს კი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2005-2006 წლებში ქუთელია ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურს, მანამდე  – სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტს.