აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შვიდი დასახლება გაათავისუფლეს
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შვიდი დასახლება გაათავისუფლეს

აზერბაიაჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ ჰასანოვის განცხადებით, „ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად, გათავისუფლებულია შვიდი დასახლება, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული“. ეს განცხადება ზაკირ ჰასანოვმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლის დროს გააკეთა.

მანამდე, აზერბაიჯანის თავადაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ „აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს სომხეთის მიერ ოკუპირებული ექვსი სოფელი ფიზული-ჯაბარაილი ფრონტის მიმართულებით.

ჰასანოვმა ასევე თქვა რომ, „კონტრშეტევის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის შეარაღებული ძალების დაცვის ხაზი გაარღვიეს“.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.