აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და მექსიკამ ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს. ამერიკული მედიის ცნობით, დოკუმენტი ჩრდილოეთ ამერიკაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არსებულ შეთანხმებას შეცვლის. ახალი დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც სამი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოები მის რატიფიცირებას მოახდენენ.

აღნიშნული დოკუმენტი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში პირველ დღეს მიღწეულ შეთანხმებებს შორის ყველაზე მასშტაბურია. დოკუმენტი ვრცელდება რეგიონზე, სადაც 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მთლიანი შიდა პროდუქტი კი 23 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ბუენოს-აირესში დიდი ოცეულის სამიტი 30 ნოემბერს გაიხსნა. უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების მეთაურებს არგენტინის პრეზიდენტი, მაურისიო მაკრი მასპინძლობს. ღონისძიების პირველ დილერებს შორის რიგი შეხვედრები გაიმართა.

დიდი ოცეულის სამიტის მთავარი თემა სავაჭრო ურთიერთობები, ციფრული ეკონომიკა, კლიმატური ცვლილებები, მდგრადი განვითარება და გენდერული თანასწორობა იქნება, რომლის შემდეგაც ლიდერები შემაჯამებელ კომუნიკეს გამოაქვეყნებენ.