არქტიკის დნობა ოკეანის დინებებს ცვლის, რაც უდიდეს გავლენას ახდენს კლიმატზე
არქტიკის დნობა ოკეანის დინებებს ცვლის, რაც უდიდეს გავლენას ახდენს კლიმატზე

ყინულის სწრაფად დნობის გამო, არქტიკის მთავარი ოკეანური დინება ასწრაფდა და უფრო ტურბულენტური გახდა. ამის შესახებ ნასას ახალი კვლევა იუწყება. ეს დინება არქტიკის მგრძნობიარე გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია, გარემოსი, რომელიც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გამო, ამჟამად მტკნარი წყლით არის გადავსებული.

12 წლის განმავლობაში შეგროვებული თანამგზავრული მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა განსაზღვრეს, როგორ აბალანსებს ბოფორტის ზღვის წრებრუნვის სახელით ცნობილი ეს წრიული დინება უპრეცედენტო ოდენობის ცივი, მტკნარი წყლის შემოდინებას. ამ პროცესმა შეიძლება შეცვალოს ატლანტის ოკეანის დინებები და დასავლეთ ევროპის კლიმატი ცივი გახადოს.

ბოფორტის ზღვის წრებრუნვა მტკნარ წყალს ოკეანის ზედაპირის სიახლოვეს აქცევს და პოლარულ გარემოს წონასწორობას უნარჩუნებს. ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კანადისა და ალასკის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ეს დინება მყინვართა ნადნობ, მდინარეთა ჩამონადენ და ნალექებით მოტანილ მტკნარ წყალს ბუნებრივად აგროვებს, წრებრუნვას ქარი საათის ისრის მიმართულებით ურტყამს. ეს მტკნარი წყალი არქტიკაში ნაწილობრივ მნიშვნელოვანია, რადგან ტივტივებს უფრო თბილი, მლაშე წყლის თავზე და ზღვის ყინულს გადნობისგან იცავს, რომელსაც თავის მხრივ, დიდი წვლილი შეაქვს დედამიწის კლიმატის რეგულირებაში. ამის შემდეგ, წრებრუნვას ნელა, ათწლეულების პერიოდით ეს მტკნარი წყალი ატლანტის ოკეანეში გადააქვს, რომელიც შემდეგ იქაურ დინებებს მცირე ოდენობებით გააქვს.

თუმცა, 1990-იანი წლებიდან წრებრუნვამ დიდი ოდენობით მტკნარი წყალი დააგროვა, დაახლოებით 800 კუბური კილომეტრი, ანუ მიჩიგანის ტბის მოცულობაზე ორჯერ მეტი. ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მტკნარი წყლის ასე დიდი კონცენტრაცია ზაფხულსა და შემოდგომაზე ზღვის ყინულის დნობას იწვევს. შედეგად კი, ბოფორტის ზღვის წრებრუნვის თავზე უფრო ძლიერდება ქარი, რომელიც მას აჩქარებს და მის დინებაში უფრო მეტი მტკნარი წყალი შეაქვს.

დასავლეთის მუდმივმა ქარმა 20 წლის განმავლობაში დინება ასევე გადაამისამართა ერთი მიმართულებით, რითაც გაზარდა საათის ისრის მოძრაობის მიმართულების მქონე დინების ზომა და სიჩქარე, რაც მტკნარ წყალს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის დატოვების საშუალებას აღარ აძლევს. ათწლეულების მანძილზე მქროლავი დასავლეთის ქარი უჩვეულოა ამ რეგიონისთვის, სადაც მანამდე ქარები ყოველ 5-7 წელიწადში იცვლიდნენ მიმართულებას.

მეცნიერები ბოფორტის ზღვის წრებრუნვას გამუდმებით აკვირდებოდნენ იმის დასადგენად, კვლავ შეიცვლიდ თუ არა ქარი მიმართულებას. თუ მიმართულება შეიცვლებოდა, ქარი ასევე შეაბრუნებდა დინებას, მიმართავდა საათის ისრის საწინააღმდეგოდ და მთელ აკუმულირებულ წყალს გამოთავისუფლების საშუალება მიეცემოდა.

„იმ შემთხვევაში, თუ ბოფორტის ზღვის წრებრუნვა ჭარბ წყალს ატლანტის ოკეანეში გადაუშვებდა, შემცირდებოდა მისი ცირკულაციაც. ამას კი გავლენა ექნებოდა მთელი ნახევარსფეროს კლიმატზე, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპაზე“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნასას პოლარული მეცნიერი ტომ არმიტეჯი.

ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან ატლანტის ოკეანეში მტკნარი წყლის გადმოსვლას შეუძლია შეცვალოს ზედაპირული წყლის სიმკვრივე. როგორც წესი, არქტიკიდან წამოსული წყალი სითბოსა და სინესტეს ატმოსფეროს გადასცემს და ოკეანის ფსკერზე იძირება, საიდანაც მას ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის წყალი კონვეიერის სარტყელივით გადააქვს ტროპიკებისაკენ.

ამ უმნიშვნელოვანეს დინებას ატლანტიკურ მერიდიანული გადატრიალების ცირკულაციას უწოდებენ და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პლანეტის კლიმატის რეგულირებაში, რადგან ტროპიკებში გამთბარი წყლის სითბო ჩრდილოეთ განედებზე გადააქვს, მაგალითად, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შენელების შემთხვევაში, მას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ზღვაში არსებულ სიცოცხლესა და მასზე დამოკიდებულ საზოგადოებებზე.

გოლფსტრიმის დინების მოშლას არ ველოდებით, მაგრამ მოსალოდნელია ზემოქმედებები. სწორედ ამიტომ ვაკვირდებით ასე ახლოდან ბოფორტის ზღვის წრებრუნვას“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ასევე ნასას პოლარული მეცნიერი ალიკ პიტი.

კვლევამ ასევე დაადგინა, მართალია, ქარის ენერგიის გამო ბოფორტის ზღვის წრებრუნვამ წონასწორობა დაკარგა, მაგრამ ამ ჭარბი ენერგიით ის წყლის პატარა, წრიულ მორევებს წარმოქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ტურბულენტობის ზრდა სისტემას წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარა, ასევე აქვს პოტენციალი, რომ გამოიწვიოს ყინულის კიდევ უფრო დნობა, რადგან ცივი, მტკნარი წყლის ფენებს ურევს მის ქვეშ არსებულ შედარებით თბილ, მლაშე წყლის ფენებთან. თავის მხრივ, ყინულის დნობა ცვლის ოკეანეში საკვები ნივთიერებებისა და ორგანული მასალების შერევის გზას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს კვების ჯაჭვსა და ველურ ბუნებას არქტიკაში.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.