„არემჯი გოლდი“ - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, „არემჯი“ წლებია, ოპერირებს კანონმდებლობის სრული დაცვით
„არემჯი გოლდი“ - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, „არემჯი“ წლებია, ოპერირებს კანონმდებლობის სრული დაცვით

კომპანია „არემჯი გოლდის“ განცხადებით, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ, დღეს, 23 აგვისტოს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ე.წ. ინფორმაციას ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ნახსენები სატენდერო ტერიტორია 2011 წლიდან შედიოდა „არემჯის“ სალიცენზიო არეალში. აღნიშნული ტერიტორია 2020 წელს სახელმწიფომ დაიბრუნა და აღარ არის „არემჯის“ სტრატეგიული ინტერესის ნაწილი. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, „არემჯი“ განმარტავს, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან და არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „არემჯი“ წლებია, ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით, კომპანია სრულად გამჭვირვალეა, მათ შორის საბოლოო ბენეფიციარების ნაწილშიც.

„აღნიშნულ მედიამიმართვაში რამდენჯერმე გაიჟღერა კომპანიის კავშირებზე ბატონებთან – ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი აღნიშნულ პირებთან და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, აღნიშნული გავრცელებული ინფორმაციაც არის სიცრუე.

რაც შეეხება „რუსულ ოქროსთან“ კავშირების თემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები, რადგან „არემჯი“ წლებია, ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით. კომპანია სრულად გამჭვირვალეა, მათ შორის საბოლოო ბენეფიციარების ნაწილშიც. ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროცესებს და მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ გამოიყენებს ბიზნესს საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. საზოგადოებას კი შევახსენებთ, მთლიანი ჩვენი გუნდის – 3 700 თანამშრომლის სახელით, რომ „არემჯი“ აკეთებს ურთულეს ქართულ სამთო საქმეს. ჩვენ წლებია, ვართ რეგიონის უმსხვილესი დამსაქმებელი, ვართ საქართველოს საექსპორტო ლიდერი და ამასთანავე, ვოპერირებთ მაღალი გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.