არჩილ თალაკვაძე - საგადასახადო რეფორმები, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, მცირე ბიზნესის გაზაფხულია
არჩილ თალაკვაძე - საგადასახადო რეფორმები, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, მცირე ბიზნესის გაზაფხულია

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ახალი საგადასახადო რეფორმა, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, მცირე ბიზნესის გაზაფხულია.

საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა საგადასახადო რეფორმების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. საგადასახადო რეფორმები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, მცირე ბიზნესის გაზაფხულია.​

ხუთპროცენტიანი გადასახადის შემცირება ერთ პროცენტამდე, ბრუნვის ლიმიტის გაზრდა ნახევარ მილიონამდე მცირე ბიზნესისთვის, დღეს უკვე პროცედურების გამარტივება და მცირე ბიზნესის სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაყვანა მხოლოდ ერთ დოკუმენტზე, რაც ძალიან დიდი შეღავათია მცირე ბიზნესისთვის, ამ ცვლილებებით, ეკონომიკაში ჩვენი მოქალაქეების მონაწილეობა და ჩართულობა დიამეტრალურად გაიზრდება. ამ ცვლილებების მიღების შემდეგ მცირე ბიზნესი უფრო მეტი და უფრო ძლიერი იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში. არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს, მათ შორის მაჟორიტარებს სთხოვა,  მაქსიმალურად ჩაერთონ, რომ ქალაქებსა და სოფლებში დასაქმებით დაინტერესებულმა პირებმა დაგეგმილ სიახლეებზე სრული ინფორმაცია მიიღონ.

საქართველოს მთავრობის სამი ახალი საგადასახადო ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. პირველი ინიციატივის თანახმად, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ნაცვლად ხუთისაგადასახადო დოკუმენტისა, ერთ გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტს შეადგენს; მეორე ინიციატივა როგორც საგადასახადო, ისე პროცედურული კუთხით ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები მოქალაქეებისგან და მცირე ფერმერებისგან პროდუქციის შესყიდვის მაქსიმალურად გამარტივებას გულისხმობს; მესამე ინიციატივა კი – საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად და არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას მოიცავს.