არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების” სამი დიდი პროექტი, რომელსაც ოპონენტები აკრიტიკებდნენ, ახლა სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების” სამი დიდი პროექტი, რომელსაც ოპონენტები აკრიტიკებდნენ, ახლა სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა

ეს არის დიდსულოვანი, მამულიშვილური საქციელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომ ასეთ რთულ დროს ჩვენს ქვეყანას და თანამოქალაქეებს, ათასობით ოჯახს ასეთი მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვას არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ასმილიონიანი ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილი ეხმარება ქვეყანას და ათასობით ოჯახს, რომელიც კორონავირუსის გამო სირთულეების წინაშე აღმოჩნდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავის ქვეყანას და ხალხს ეხმარება.

„ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავის ხალხს და ქვეყანას – მისი ქველმოქმედება სამ მილიარდს აღემატება. როდესაც ეს ფონდი შეიქმნა, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიძინა ივანიშვილი მასში შენატანს აუცილებლად გააკეთებდა. როგორც ხედავთ, ასეც მოხდა. როგორც წლების განმავლობაში, ის ყოველგვარი აფიშირების და რეკლამის გარეშე აკეთებდა სიკეთეს და ქველმოქმედებას, ასე მოიქცა დღესაც და 100 მილიონი ისე გადარიცხა ფონდში, მთელი 24 საათის თუ ორი დღის განმავლობაშიც, საზოგადოებამ და მედიამ ამის შესახებ ვერ გაიგო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფილანტროპია, ქველმოქმედება, თავის ხალხთან და თავის ქვეყანასთან დგომა, მით უმეტეს, გასაჭირში, ეს არის მისი ღირებულებითი სისტემის ნაწილი, რასაც ის ბუნებრივად და გულწრფელად აკეთებს.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, “აწარმოე საქართველოში” არის “ქართული ოცნების” სამი დიდი პროექტი, რომელსაც ოპონენტები აკრიტიკებდნენ და ახლა სტრატეგიული მნიშვნელობის აღმოჩნდა.

„სწორედ ამ სფეროებზე გადის ახლა, პანდემიისგან საქართველოს დაცვის და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ხაზი. წლების განმავლობაში გვაკრიტიკებდნენ ოპონენტები – რატომ აფინანსებთ ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და საყოველთაო ჯანდაცვას,  რა საჭიროა სოფლის მეურნეობაში ამდენი ტექნიკა და ამხელა დანახარჯები, არასწორია ბიუჯეტიდან შიდა წარმოების მხარდაჭერა და პროექტების სუბსიდირება. ახლა, როცა მთელი მსოფლიო ჯანდაცვის და ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა და ჩვენც ამხელა პრობლემის წინაშე დავდექით, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მომზადებული შეხვდა პანდემიას ჯანდაცვის სისტემა, წარმოების რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში და რამდენად შეუძლია სოფლის მეურნეობას, მოქალაქეები საკვები პროდუქტებით მოამარაგოს. დღეს უკვე ცხადია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ჰქონდა სწორი ხედვა და პრიორიტეტები. ბევრი ხელშეშლის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე ვზრუნავდით“,- განაცხადა თალაკვაძემ.