ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას მაშინ შეძლებს, თუ ყველა ქვეყანა ვაქცინების სამართლიან განაწილებას უზრუნველყოფს
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას მაშინ შეძლებს, თუ ყველა ქვეყანა ვაქცინების სამართლიან განაწილებას უზრუნველყოფს

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მდიდარ ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის სამართლიანი გადანაწილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ვირტუალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გუტერეშმა აღნიშნა, რომ „ვაქცინაციის მხრივ პროგრესი ძალიან არათანაბარი და უსამართლოა“.

„კოვიდ-19“-ის ვაქცინების 75% მხოლოდ ათ ქვეყანას აქვს ადმინისტრირებული, ამავდროულად 130-ზე მეტ ქვეყანას ვაქცინის ერთი დოზაც არ მიუღია. თუ ვირუსს გლობალურ სამხრეთში ტყის ხანძრის მსგავსად გავრცელების საშუალება ექნება, მისი მუტაცია კვლავ და კვლავ მოხდება. ახალი ვარიანტები შეიძლება უფრო გადამდები და მომაკვდინებელი გახდეს და, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მიმდინარე ვაქცინების და დიაგნოსტიკის ეფექტურობას. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს პანდემია, რაც ვირუსს გლობალურ ჩრდილოეთში დაბრუნების საშუალებას მისცემს,“ – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ ყველა ქვეყანა ერთად იმუშავებს და ვაქცინების სამართლიან განაწილებას, საკმარისი დოზების მიწოდებას და ვაქცინისადმი ნდობას უზრუნველყოფს.