ანრი ოხანაშვილი - პოპულიზმი, ცინიზმია, როცა ფასებზე გვესაუბრებიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთა ბელადი თანხებს ხარჯავდა მასაჟებში და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველად ცხოვრობდა
ანრი ოხანაშვილი - პოპულიზმი, ცინიზმია, როცა ფასებზე გვესაუბრებიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთა ბელადი თანხებს ხარჯავდა მასაჟებში და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველად ცხოვრობდა

პოპულიზმი და ცინიზმია, როცა ფასებზე გვესაუბრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთა ბელადი თანხებს ხარჯავდა მასაჟებში და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველად ცხოვრობდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, მათ არანაირი მორალური და პოლიტიკური უფლება არ აქვთ, ამ საკითხებზე ისაუბრონ.

„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი ამოცანაა, ეს ცალსახაა. რა თქმა უნდა, ამაში მოიაზრება ეკონომიკის განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა, ფასების შემდგომი სტაბილურობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რომ მოქალაქეებზე ორიენტირებული პირობები კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს და მათ უკეთესი პირობები უნდა შევუქმნათ. ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ეკონომიკურ განვითარებას წინ უსწრებს. ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური განვითარება დემოკრატიულ განვითარებას გაუთანაბრდეს. პოპულიზმი და ცინიზმია, როცა ფასებზე გვესაუბრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთა ბელადი თანხებს ხარჯავდა მასაჟებში და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველად ცხოვრობდა. მათი ბელადი მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში და მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში, ამ საქმეებს „პიჯაკების საქმეს“ ეძახდნენ. მათ ყოველთვის უნდა შევახსენოთ თავიანთი პოლიტიკური წარსული, რა პირობებშიც აცხოვრებდა ჩვენს მოქალაქეებს მაშინდელი ავტორიტარული რეჟიმი. არანაირი მორალური და პოლიტიკური უფლება არ აქვთ, ამ საკითხებზე ისაუბრონ. რა თქმა უნდა, ვიზრუნებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.