ამირან გამყრელიძე - პაატა იმნაძე გინახავთ გამოსული მდგომარეობიდან? გამოიყვანეს მდგომარეობიდან, უნდათ, პაატაც და მეც ჩაგვითრიონ პოლიტიკურ სიბინძურეში [ვიდეო]

არც მე და არც პაატა პოლიტიკურ დისკუსიებში არ შევდივართ, ჩვენ აპოლიტიკური პიროვნებები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მთავრობების დროს გვიმუშავია და პატიოსნად ვასრულებდით ორივე ჩვენს მოვალეობას ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, თავადაც და პაატა იმნაძეც ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებლები არიან.

„ორივე ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვართ, ბევრი იმის შესახებ, ვინც ჩვენ დღეს გვაკრიტიკებს. ბევრს ვთხოვე მე, გუშინაც მოვუწოდე – გვაკრიტიკეთ, არ არის პრობლემა, რადგან ვისაც საქმე არ უკეთებია, მას შეცდომა არასდროს დაუშვია, ვინც საქმეს აკეთებს, ის უშვებს ხანდახან შეცდომებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, მიზანმიმართულია თუ არა ეს კამპანია, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს.

„არ მინდა, პოლიტიკურ დისკუსიაში შევიდე, აკადემიურ დისკუსიაში, სიამოვნებით, დავსხდეთ, გავაკრიტიკეთ, თუ რამეს სწორად ვერ ვაკეთებთ, მითხარით და გამოვასწორებთ. ამ დარგის ექსპერტებს მოეხსენებათ, მე დიდი ხანია, ჯანდაცვის სისტემაში ვარ, პრაქტიკოსი ექიმი, მასწავლებელი, მეცნიერი, ჩინოვნიკი, მათ შორის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი და ასე შემდეგ. ბევრს ვიცნობ ქვეყანაში, ვის რა ცოდნა აქვს. ამიტომ აკადემიურ დისკუსიაში სიამოვნებით შემოვალ, იქნებ, მართლა ვუშვებ რაღაც შეცდომებს, მიმითითეთ ამაზე, სიამოვნებით, მაგრამ ამას პოლიტიკურ სარჩულს ნუ დავუდებთ, არ არის დღეს პოლიტიკური გარჩევების დრო, მერე გავარჩიოთ, ყველაფერი რომ დამთავრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს მოსახლეობა ძალიან სოლიდარულია.

„ბევრი ადამიანი მოდის და გვეხმარება, ზოგს საკვები მოაქვს, გვიანობამდე რომ არიან აქ ეპიდემიოლოგები მათთვის, ზოგმა მანქანები გვაჩუქა საველე სამუშაოებისთვის, ბევრმა კიდევ უკეთესად მოგვიწყო აქაურობა, კომპიუტერები გვაჩუქა. მადლობა ყველას. მე ამათ მერე ცალკე ვეტყვი მადლობას. მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს, რომლების არც გვარს ვიტყვი, არც სახელსაც, ადამიანი, რომელმაც 50 ლარი ჩარიცხა ჩვენს ანგარიშზე, მომწერა, რომ მეტი არ შემიძლიაო. ხოდა, რად გვინდა ახლა პოლიტიკა, გამაგებინეთ. არ გვინდა, არ გვინდა ის, რასაც გუშინ ტელევიზიებში ვუყურე. ყველას ჩვენ გვაქვს ზღვარი რაღაცის, გინახავთ თქვენ როდისმე პაატა იმნაძე გამოსული მდგომარეობიდან? გამოიყვანეს მდგომარეობიდან, რადგან უნდათ, რომ როგორმე პაატაც, მეც ჩაგვითრიონ ამ სიბინძურეში, პოლიტიკურ სიბინძურეში. არა ბატონებო, ვინც ამას დღეს საუბრობს, იმ ხალხზე იცით რამდენი რამე ვიცი მე? რამდენი ინფორმაცია მაქვს, რას როგორ ვერ აკეთებდნენ თავის დროზე, გამოვდივარ და ვსაუბრობ, არ არის მაგის დრო. ამ ჭირმა ჩვენ ყველა ერთად გაგვაერთიანა და უნდა გაგვაერთიანოს, არ არის ახლა დრო პოზიცია, ოპოზიცია და ასე შემდეგ. ყველამ ერთად დავიცვათ ის, რასაც გვეუბნება სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.