ამირან გამყრელიძე - კორონავირუსისთვის დამახასიათებელია თრომბოემბოლიური გართულება, თუმცა ძალიან იშვიათია, სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსისთვის დამახასიათებელია თრომბოემბოლიური გართულება, თუმცა ძალიან იშვიათია, სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, თუმცა პანდემიის დროს სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები ფიქსირდება და ადამიანები პანიკას არ უნდა მიეცენ.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, ძალიან იშვიათ შემთხვევაში, თუმცა მაინც კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია თრომბოემბოლიური გართულება.

ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ“ ლაივში უპასუხა ერთ-ერთი მედიასაშუალების კითხვას, რომლის თანახმადაც: „უკვე ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა. ერთს თრომბი განუვითარდა, მეორეს შემთხვევაში გული გაჩერდა. რამდენად შეიძლება თქმა, რომ თრომბი და გულის გაჩერება კორონავირუსმა გამოიწვია“.

„პანიკას არ უნდა მივეცეთ, რა თქმა უნდა, ეს ორივე და თითოეული გარდაცვალების შემთხვევა არის ტრაგედია. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. სამწუხაროდ, პანდემიების, ეპიდემიების დროს არის ხოლმე ფატალური გაოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება. ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მკაცრად რეკომენდირებულია, რომ რჩებიან მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები. ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით ასევე შესაძლებელია გარკვეულად საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე ადამიანების დატოვება, თუ ის სხვა რისკ ჯგუფებს არ განეკუთვნება, ამას წყვეტს ექიმი. რაც შეეხება ორ შემთხვევას, სამწუხაროდ, თრომბოემბოლიური გართულება, რომელიც გახლავთ ძალიან იშვიათი გართულება, დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის და ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ასეთ ძალზე იშვიათ შემთხვევას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.