ამირან გამყრელიძე - დამერწმუნეთ, დიდი თავშეყრები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმის, რაც ახლა აჭარაში ხდება
ამირან გამყრელიძე - დამერწმუნეთ, დიდი თავშეყრები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმის, რაც ახლა აჭარაში ხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომის დასაწყისში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო.

გამყრელიძის თქმით, მაღალი მობილობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ეპიდაფეთქება აჭარიდან დაიწყო.

„ზაფხულის პერიოდში შიდა ტურიზმის სერიოზული განვითარებით, მობილობის სერიოზული გაზრდით, ვპროგნოზირებდით, რომ შესაძლებელია, ასე ყოფილიყო, და შესაძლებელია დაწყებულიყო სწორედ აჭარიდან და ბათუმიდან, რატომ? იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა გახლდათ კონცენტრირებული ამ რეგიონში, კერძოდ, ბათუმში. გასაკვირი არ არის, რომ ეპიდაფეთქება სწორედ აქედან დაიწყო. მეორე მიზეზი გახლდათ ის, რომ სამწუხაროდ ჩვენ ყველა გარკვეულად მოვეშვით, არ ვატარებდით ყველაზე მთავარ იარაღს – პირბადეს, დახურულ შენობებში ხშირად არ ვიცავდით დისტანციას, თუმცა ყველა მივეჩვიეთ და ძალიან კარგია, რომ მასიურად დაინერგა სანიტარიზაციის კულტურა, ანუ სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების. ამიტომ ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ჯერ კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო არც ვაქცინა არ არის, არც პირდაპირი მოქმედების წამალი, ერთადერთი იარაღია პირბადე. როცა ორს გვიკეთია პირბადე და ერთი ინფიცირებულია, გადადების ალბათობა 95 პროცენტით და მეტით მცირდება.

ამიტომ აუცილებელია დახურულ შენობაში პირბადის ტარება. ღია სივრცეებში, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას, იქაც მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად ვატაროთ პირბადე.  რა თქმა უნდა, დავიცვათ დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები და ამ პერიოდში, ვიდრე პანდემიაა, თავი შევიკავოთ დიდი თავყრილობებისგან. ღმერთმა ქნას ბევრი ქორწილი და ბევრი ბავშვი დაიბადოს საქართველოში, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე კორონავირუსული ინფექციაა, ამდენი თავშეყრისგან თავი შევიკავოთ, ჩვენი ბედნიერება  შედარებით მოკრძალებულად აღვნიშნოთ. დამერწმუნეთ, რომ დიდი თავშეყრები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც ჩვენ ახლა აგვიფეთქდა აჭარაში. ძალიან ბევრი შემთხვევა, კლასტერები სწორედ ამ უკონტროლო თავშეყრებთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.