ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებაზე სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო
ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებაზე სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომა განახლდა, თუმცა პროცესზე დაცვის მხარე არ გამოცხადდა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ სასამართლო სხდომაზე შესვენება 19:00 საათამდე გამოაცხადა. მოსამართლის თქმით, ამ დროისთვის უგულავას ადვოკატი პროცესზე თუ არ გამოცხადდება, ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე ცემაში ბრალდებულ გიგი უგულავას ადვოკატს, გიორგი გელხაურს საქმის მასალები უკვე გადაეცა. ის სასამართლოში 16:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომა საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო. პროკურატურა გიგი უგულავას მიმართ 5000-ლარიან გირაოს ითხოვს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 11 დეკემბერს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით იმავე დღეს უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოიკითხნენ.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულადაა ცნობილი.