აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე ტესტირებისთვის კარვებში მოქალაქეების მიმართვიანობა გაზრდილია
აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე ტესტირებისთვის კარვებში მოქალაქეების მიმართვიანობა გაზრდილია

კორონავირუსზე ტესტირებისთვის ხუთი კარავი უკვე არის. მიმართვიანობა მოქალაქეების მხრიდან ამ ლოკაციებზე ნამდვილად გაზრდილია, რაც მიუთითებს მათ ინტერესს, რომ გაიგონ, არიან თუ არა ინფიცირებული, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის პირი, რომელიც პოლიკლინიკებსა და კარვებში კორონავირუსზე ტესტირებას ჩაიტარებს, ვალდებულია, სამი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს და ტესტირების პასუხს დაელოდოს.

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც არ სჯერა ადამიანს, მას არ აწუხებს არაფერი და ლაბორატორიული დასკვნა კი ეუბნება, რომ ის არის დადასტურებული შემთხვევა. რასაკვირველია, ისეთი მაღალი პასუხისმგებლობის ადამიანებიც გახლავთ, რომლებიც ასეთ შემთხვევაში თავად გამოდიან კონტაქტზე და მიდიან ტესტირების ჩასატარებლად. თქვენ იცით, რომ ასეთი სივრცეები არის გაშლილი, კერძოდ, ხუთი კარავი უკვე არის. მიმართვიანობა მოქალაქეების მხრიდან ამ ლოკაციებზე ნამდვილად გაზრდილია, რაც მიუთითებს მათ ინტერესს, რომ გაიგონ არიან თუ არა ინფიცირებული. თავდაპირველად, როცა გარეტესტირებები დავიწყეთ, 20 აგვისტო იყო, მაშინ მოქალაქეებს ვეუბნებოდით, რომ 24 საათში მიიღებდა პასუხს, მაგრამ გაიზარდა ტესტირებაზე მიმართვიანობა, ჩვენ ლაბორატორიული სიმძლავრეები გავზარდეთ, უკვე გარე რეფერალითაც ვმუშაობთ. თბილისის დონეზე გადის ეს ტესტირებები, მაგრამ მაინც დროში ვერ ეტევა და 24 საათი პასუხის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ყველა ის პირი, რომელიც მიემართება ტესტირებისთვის პოლიკლინიკებსა და კარვებში, აქვთ ვალდებულება, რომ სამი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავიდნენ და ტესტირების პასუხებს დაელოდონ.

რაც შეეხება ბათუმის ჩაკეტვას, ეს იმდენად ღრმა კომპლექსური კვლევის პასუხია, რომ ჩემს კომპეტენციებს აღემატება. ეპიდემიოლოგიური სამსახური ერთ-ერთი შემადგენელია ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ამ მოვლენის წინაშე არ ვართ. სარიტუალო დარბაზებთან დაკავშირებით, მინდა, გითხრათ, რომ ჩაღრმავებული გამოკითხვის დროს არც ერთი არ ფიქსირდება სარიტუალო დარბაზში ყოფნის ფაქტს. გუშინ უკვე წამოვიდნენ შემხვედრ ნაბიჯებზე და უკვე ასახელებენ სარიტუალო დარბაზებს, თარიღებს, აქამდეკი პაციენტები არ ამბობდნენ. ვფიქრობ, წესრიგის დაცვა, პირბადეების ტარება უგულებელყოფილია სარიტუალო დარბაზებში და ალბათ, ამას უკავშირებდნენ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ გახდნენ ყველაფრის დამრღვევები. ახლა, როდესაც ეპიდსიტუაციის გართულება დაიწყო, ალბათ, უფრო ჩათვალეს საჭიროდ, რომ დაეფიქსირებინათ ეს პოზიცია. სარიტუალო დარბაზების შემთხვევათა რიცხვი არ არის დაზუსტებული“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.