აჭარაში დღეს გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 16-ის ინფიცირების წყარო უცნობია
აჭარაში დღეს გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 16-ის ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში დღეს გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 16-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც შავიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა პირველად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ინფიცირებულებმა სარიტუალო სახლების დასახელება დაიწყეს, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ. მისივე თქმით, როცა კოვიდდადასტურებულს ეპიდემიოლოგები ეკითხებიან ინფორმაციას, ხშირად პაციენტები სიმართლეს მალავენ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მასიურ ტესტირებაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„თუ კი ჩვენ ამ ორ-სამ დღეს გადავხედავთ, ტენდენცია გვაქვს მატებისკენ. დღეს 27 შემთხვევა იყო. ამ შემთხვევებში გამოიკვეთა შემდეგი ტენდეცია – დადასტურებული შემთხვევის ოჯახის კონტაქტები, ეს სამართავად ერთი მხრივ უფრო ადვილია, რადგან ნაცნობია პირველი წყარო და შედარებით არის უფრო მარტივი. ასეთი გახლავთ სამშობიარო სახლი, ასეთი გახლავთ „დონასთან“ დაკავშირებული, ერთი იყო კარანტინიდან იმპორტირებული შემთხვევა. „ხოფის“ სავაჭრო ცენტრს რაც შეეხება, არ გვაქვს მატების ტენდენცია. მოგეხსენებათ, რომ სავაჭრო ცენტრი არის საზოგადოებრივი თავშეყრის ძალიან მასიური ადგილი და ამიტომაც ჩაიდგა კარავი, დაიწყო მასიური ტესტირება.

27 დადასტურებული შემთხვევიდან 16-ის წყარო უცნობია. პირველად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სარიტუალო სახლების დასახელება დაიწყეს, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ. როცა გამოკითხვა მიდის და ეპიდემიოლოგები ეკითხებიან ინფორმაციას, ხშირად არის ფაქტები, რომ რაღაცას მაინც ბოლომდე არ ამბობენ, სიმართლეს მალავენ. ამავდროულად ჩნდება კიდევ ისეთი ფაქტები, რომ შეიძლება დაასახელონ საკონტაქტო პირი და მერე იმ კონტაქტმა აუკრძალოს, ნუ მასახელებო. ამიტომ, ჩვენი მთავარი მესიჯი მოსახლეობისთვის არის – ჩაერთონ მასიურ ტესტირებაში. ამისთვის არის ხუთი კარავი ბათუმში და ერთი კარავი ქობულეთში. ხუთი პოლიკლინიკა აგრძელებს ტესტირებას“,- განაცხადა შავიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, პოლიკლინიკებმა 604 ტესტირება ჩაატარეს და კარვებში ჩატარდა 1561 ტესტირება.

ამასთან, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში კარანტინში ამ დროისთვის 2 450 პირია მოთავსებული, რაც დაახლოებით არის 46%-ზე მეტი მთელი საკარანტინო სივრცისა საქართველოში.