ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონის, ბერლინის, ვენისა და აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისები ნოემბრიდან შესრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონის, ბერლინის, ვენისა და აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისები ნოემბრიდან შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონის, ბერლინის, ვენისა და აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისები ნოემბრიდან შესრულდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ავიაკომპანია „ვიზეართან“ წარმატებული მოლაპარაკების შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ავიარეისი ქუთაისსა და ბარსელონას შორის.  გარდა ამისა, „ვიზეარი“ ასევე განაახლებს ფრენებს ევროპის ორი სხვა ქალაქის – ვენისა და ბერლინის მიმართულებით. ასევე, 16 დეკემბრიდან, პირველად ქუთაისის აეროპორტის არსებობის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. საუბარია ქუთაისი – აბუ-დაბის რეისზე, რომელიც კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

ვიზეარის“ ახალ რეისებსა და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ვიზეარის“ კომუნიკაციების დირექტორ ანდრაშ რადოსთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მხარესთან ავიაკომპანია „ვიზეარის“ სტრატეგიულ პარტნიორობას.

მინისტრის მოადგილე მიესალმა ახალი მიმართულებების დანიშვნას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, აგრეთვე ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზის დაბრუნებას.

„ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ავიაციის სწრაფ აღდგენასა და მდგრად განვითარებას. რაც ყველაზე მისასალმებელია, საქართველო განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას სათავო ოფისში, ისევე როგორც ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის თქმით, ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ საქართველოს, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა.

„ასევე, კვლავ დაბრუნდება ის სამი მიმართულება, რომელიც პანდემიამდე ძალიან მოთხოვნადი იყო საქართველოს მოქალაქეებში“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ვიზეარს“ საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება. ამჟამად ავიაკომპანია ქუთაისიდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის 14 მიმართულებით კვირაში 98 სიხშირით ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმდინარე წლის 31 ოქტომბრიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ბარსელონის, ხოლო 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება.

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და ნოემბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით ქუთაისის აეროპორტიდან კვლავ განახლდება. რაც შეეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენას, რეისები ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით განახლდება, ხოლო ბერლინში მოხვედრა ქუთაისიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ერთი სიხშირით იქნება შესაძლებელი.