17 წლის ფრანგ ახალგაზრდას, რომელსაც „ნანტში“ იწვევენ, საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
17 წლის ფრანგ ახალგაზრდას, რომელსაც „ნანტში“ იწვევენ, საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

საფრანგეთის ლიგა 2-ის წარმომადგენლის, „პოს“ 18-წლამდელთა გუნდის წევრს საქართველოს სახელით თამაში სურს – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ეს ბიჭი ნიკოლას (ნიკა) კასუ გახლავთ, რომელიც საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი. მამა ფრანგი ჰყავს, რომელიც სპორტული ფუნციონერია – ფილიპ კასუ, დედა ქართველი – თეა ელბაქიძე.

ნიკა 5 წლის იყო, საფრანგეთის პატარა ქალაქ ორტეზის გუნდში ვარჯიში რომ დაიწყო. ცაცია შემტევი ფლანგის თავდამსხმელია. 13 წლიდან ლიგა 2-ის გუნდის, „პოს“ სელექციონერმა წაიყვანა და ამჟამად 18-წლამდელებში თამაშობს.

ნიკა საქართველოზე შეყვარებულია, ქართული კარგად იცის და სურს, რომ საქართველოს სახელით ნაკრებში ითამაშოს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა:

„მე ფრანგი ვარ, საფრანგეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჩემს მშობლებს ყოველ წელს საქართველოში დავყავარ, მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი და მინდა, რომ მისი სახელით ვითამაშო, თუ ამის საშუალება გამომიჩნდება“, – განაცხადა ნიკა კასუმ.

17 წლის ფეხბურთელი თავის კარიერაზე გველაპარაკა:

„ამჟამად ლიგა 2-ის გუნდის 18-წლამდელებში ვარ, მაგრამ სხვაგან გადასვლა მსურს. ზაფხულში „ნანტში“ მიმიწვიეს, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვარჯიშები შეწყდა… ახლა ჯარჯიშები უკვე განვაახლეთ და იმედი მაქვს, რომ მალე ან „ნანტში“ ან სხვა კარგ გუნდში გადავალ“.