1-8 დეკემბერს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება
1-8 დეკემბერს თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება

პირველიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალს გახსნის ბრიტანელი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი „შანტაჟი“, რომელსაც მუსიკალურ აკომპანიმენტს გაუწევს „ალტერ ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენებას დაესწრება მუსიკის ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ნილ ბრენდი. „შანტაჟი“ ნაწილია პროგრამისა „ბრიტანული სეზონი“, რომელიც ბრიტანეთის საბჭოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით ტარდება. „ბრიტანული სეზონი“ მაყურებელს მისცემს საშუალებას, ნახოს როგორც კლასიკური, ისე უახლესი ბრიტანული ფილმები.

გარდა ამისა, ბრისტოლის კინოფესტივალთან (Encounters) და „უოთერშედ ბრისტოლთან“ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის კინოფესტივალი წარმოგიდგენთ 90-წამიანი ფილმების კონკურსს „დეფიქთ“ (DepicT!). კონკურის მიზანია, აღმოაჩინოს ახალბედა რეჟისორები, რომლებიც ორიგინალობითა და მდიდარი წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. კონკურსში გამარჯვებული ბრისტოლის კინოფესტივალზე გაემგზავრება.

წელს თბილისის კინოფესტივალი მხოლოდ ეროვნულ კონკურსს ატარებს. ჯილდოები გაიცემა შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. კონკურსს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური: ულრიხ და ერიკა გრეგორები, პაბლო დე ვიტა, ნიკოლა სელი და ჰიზერ სტიუარტი.

საუკეთესო მხატვრულ ფილმს ქართული ფილმის განვითარების ფონდი ფულადი პრიზით დააჯილდოებს. საუკეთესო დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი დააჯილდოებს.

წლევანდელ ფესტივალზე ასამდე ფილმი იქნება წარმოდგენილი სექციებში: „ევროპული კინოფორუმი“, „ამერიკები“, „ჰორიზონტები“, „რეჟისორი ფოკუსში“, „ქვეყანა ფოკუსში“, „ქართული პანორამა“, „აპოლო: კინომეხსიერება“ და „განსაკუთრებული კინოჩვენებები“.

კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო „პრომეთე“ გადაეცემათ კინორეჟისორ კარლოს რეიგადასს და სცენარისტსა და რეჟისორ ირაკლი კვირიკაძეს.

კინოფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ, ისე კინოთეატრ „ამირანის“ სალაროში.