ახდა ზამთარი, ქუჩაში ბავშვი

თოვლის ფიფქებს

თანატოლივით ეთამაშება.

 

მზე ალბათ სიზმრებიდან ამომყვა,

გავიფიქრე და არ შემცდარვარ,

წვეთი სხივი არ აჩნდა ზამთარს.

 

მუსიკა არ არის ზამთრის საქმე,

თუმცა, როცა დნობას იწყებს

თითქოს სიჩუმიდან გამოსვლას ზეიმობს.

 

წვიმამ ფიფქები შემომაპარა

ზამთარმა ყინვა,

მე შენს სიზმრებში შემოვიპარე.

 

სხვადასხვანაირ ზამთარს ვხვდებით

მე და ჩემი შვილები,

ისინი ლაღს, მე შიშნარევს.

 

ჩიტმა,  ნაფიფქარი ფრთები შეიფერთხა,

თითქოს ზურგიდან  ზამთარი ჩამოიხსნა,

როგორც მძიმე ტვირთი.

 

ბავშვები კაკანათის ირგვლივ ნაცარს ყრიან.

ჩიტები საკენკს ეძებან.

ზამთარმა ყველა ეზო ზეპირად იცის.

 

ამ ზამთარს

შენი წილი ფიფქი

წყალში ჩამივარდა.

 

ხელებს იორთქლავს შემოდგომა.

ქარი ცივია,

ცოტაც და იელვებს ზამთარი.

 

1 2 3 4