…
მე მაქვს უფლება
კარი მივუხურო ზამთარს,
მაგრამ ამ უფლებით ჯერ არ ვსარგებლობ.
…
თოვლმა მიწა მოიშიშვლა,
დარცხვენილი ზამთარი სოფელს ტოვებს.
…
ზამთარი ფიფქებს ახამხამებს,
შენ კი ქუჩაში
უწარსულო თვალივით ჩანხარ.
…
ამასობაში წავედი შენგან,
როგორც ზამთარი,
მალე თვალებში სხვა გაზაფხული ჩაგიდგება.
…
სიზმარი იყო ის სიცივე,
შენ რომ ყვებოდი,
ზამთრად აგვიხდა. ჩვენ ერთმანეთი ვერ ავიხდინეთ.
…
რაღაც დატოვა ამ ზამთარმა,
რაღაც უთქმელი,
ვერცერთ ფიფქში ვერ ამოვიკითხე..
…
ღამეა, ლამპიონის ქვეშ ვდგავართ,
გვეწაფება იანვრის სუსხი,
პირიდან უსიტყვო ზამთარი ამოგვდის.
…
სხვადასხვა ქალაქში გაღვიძებულებს
ამ ზამთრის პირველი თოვლიც გვაერთიანებს,
გარდა ვეებერთელა სიყვარულისა…
…
მითხრეს – ზამთარს უერთგულაო,
როცა ქუჩაში გაყინული კაცი იპოვეს.
…
გუბეს ამტვრევენ პატარები,
ერთი შეხედვით საიმედოდ დაკეტილ გუბეს,
ზამთრის ფანჯრები ილეწებიან.
…
როცა მამაჩემს ხელები უკოჟრდება
ზამთარი მოდის.
…
ზუგზე სიმინდით სავსე ტომარა
გზა წისკვილისკენ.
– ზამთარი გაგვაქვს.
…
გარეთ ზამთარი,
შიგნით შიშვლები.
…
ამ ზამთარს
ჩვენი უეცარი შეხვედრა დამამახსოვრდა,
გაზაფხულივით იყო.
…
სასაფლაოზე მარმარილოს ქვა
უფრო მძიმეა,
როცა ზამთარი სითეთრეს აჩენს.
…
ბუხარში ცეხლი,
აკაცია დაჭრილი შეშად.
– შარშან ზამთარი ტოტებიდან ეღვენთებოდა.