ნეკერჩხლის ხეს
წერტილივით დააჩდა შაშვი,
ზამთარი ყვავის.

 


ყოველთვის მახსოვს ის ზამთარი
გულზე ლოდად რომ გამომიბი,
ცოტა ბიძგი და ჩამიტანს სადმე.

 


ზამთარივითაა ჩემი შეყვარებული,
როცა მე ვხურდები
ის მიდის.

 


შეგვეძლო გაქცევა,
თუმცა ზამთარი დაგვასმენდა!
ჩემო კეთილო, გაზაფხულამდე ტკბილად იყავი.

 


როგორ აგიხსნა სიყვარული,
როცა ზამთარს იგუბავ გულში,
თვალებში – სიცივეს.

 


მთვარეს ფხაჭნის
დამშეული მგელი
ზამთრის გულიდან.

 


სახურავზე ყინულის ლოლოები,
როგორც ზამთრის გამჭვირვალე ხმლები,
რომლებმაც უარი თქვეს ომზე.

 


შემიძლია სიხარულით გაუწყო,
თოვლივით სპეტაკი არადროს ვყოფილვარ,
არცერთი ჩემი  ზამთარი არ იყო თოვლივით სუფთა.

 


ჩვენ ერთმანეთი ზამთარში გავიცანით,
მას მერე ვერავინ მასწრებს
პირველი ფიფქი მოგილოცო, როგორც ჩვენი დადგომა.

 


როცა მოგწერე – თოვს,
შენ არაფერი მოგიწერია ზამთრისმაგვარი,
ალბათ თვალები ფიფქებით აგევსო.

 


ამინდის პროგნოზი
ერთთვიან ყინვებს იუწყება,
ზამთარმა ფეხი ფეხზე გადაიდო.

 


ჩემი მეგობარი ამ ზამთრის პირველ თოვლს,
ოთხი წლის შვილის საფლავზე ხვდება,
ხელში ვედრო და სტაფილო უჭირავს.

 

1 2 3 4